მსახიობი გიორგი მეგრელიშვილი, იგივე მეგრელა "პალიტრა TV"-ს ორი საინტერესო გადაცემის წამყვანია: ერთი ინტელექტუალური შოუ "გვეთამაშე ჩვენ" გახლავთ, მეორე - "ლუპა," შოუ კინომოყვარულებისთვის.
გიორგი ნიჭიერი მსახიობია. უარყოფით პერსონაჟებს საოცრად ასახიერებს, დამაჯერობლობით გამოირჩევა. პარალელურად კინოსაქმითაც არის დაკავებული, საკუთარი კინოსტუდია აქვს, სადაც მეგობრებთან ერთად მუშაობს.
მეგრელა ამჯერად ჩემი "მოულოდნელი კითხვების" სტუმარი გახდა.
- სად ხარ?
- სტუდიაში, ფილმის სცენარს ვასწორებ...
- როგორი განწყობა გაქვს?
- აზარტული.
- "პალიტრა TV"-ზე მიგყავს ინტელექტუალური შოუ - "გვეთამაშე ჩვენ". ინტელექტუალი ხარ?
- ისე, რა. არ ვიჩემებ, რომ ყველაფერი ვიცი, თუმცა მინდა, რომ ვიცოდე...
- შენი გადაცემის სახელწოდება სიტყვა - თამაშს შეიცავს. ამასთან, პროფესიით მსახიობი ხარ, რას ნიშნავს შენთვის თამაში?
- ეს ისეთი ტყუილია, რომელიც მუშავდება და მერე სიმართლის გრადუსში უნდა ავიდეს, რომელსაც წინასწარი მომზადება სჭირდება...
- როგორც მსახიობს უმეტესად უარყოფითი პერსონაჟების თამაში გიწევს და როლში ისე შედიხარ, რომ მაყურებელს მართლა ბოროტი ადამიანი ჰგონიხარ. ბოროტი ხარ?
- (სიცილით ამბობს) თუ სიტუაციას სჭირდება, ვარ. ბოროტი კი არა, უფრო ბრაზიანი. მოკლედ, თუ საჭიროა, ნეგატიური ტიპიც ვხდები, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.
- ნერვებს რა გიშლის?
- უსამართლობა და არა მხოლოდ კონკრეტულად ჩემი მისამართით ჩადენილი უსამართლობა. ზოგჯერ პირდაპირი თქმაც მღუპავს. ვიცი, რომ არ უნდა ვთქვა, მაგრამ ვამბობ.
- შეგიძლია, ქუჩის ძაღლს მოეფერო?
- კი, მაგრამ თუ ვხვდები, რომ ხელი არ უნდა გადავუსვა, ამას არ ვაკეთებ და შეიძლება, მხოლოდ სიტყვიერი მოფერებით შემოვიფარგლო. მაგალითად, კუს ტბაზე რომ ავდივარ, იქ ბევრი მაწანწალა ძაღლი მხვდება და მიყეფს. მათ სიტყვიერად ვეფერები და ისინიც ჩუმდებიან. აბა, ყველგან გაბრაზებულიც ვერ ვარ, რომ "ლომის ხახაში" "შევვარდე". ისე, ერთი საინტერესო ამბავია მამაჩემის ძაღლი - "ბასტი" რომ მიყურებს, მიცინის, კბილებს საოცრად კრეჭავს.
- ამას შენს დანახვაზე აკეთებს?
- მე და ჩემს დიშვილს გვიცინის მხოლოდ.
- რა არის შენი "ბეწვის ხიდი?"
- ჩემი "ბეწვის ხიდი" ჩემი ხასიათია, რომელმაც შეიძლება, დამღუპოს და პირიქით, მწვერვალზე ამიყვანოს...
- ამ ყველაფერს ვერ აკონტროლებ?
- ზოგჯერ - ვერა...
- მერე ნანობ?
- თუ ვერ ვაკონტროლებ, ე.ი. ეს ის სიტუაციაა, როცა არც უნდა გავაკონტროლო.
- "ლუპა" "პალიტრა TV"-ს ეთერში შენი ახალი გადაცემაა, რომელიც კინომოყვარულებისთვისაა... ლუპა ცხოვრებაში ხშირად გჭირდება?
- კი, ძალიან მჭირდება. თან, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალაუნებურად ყველაფერს ლუპით ვუყურებ და ვაკვირდები - ნებისმიერი სიტყვა, ქმედება, მოვლენა ემოციურად სწორად რომ შევიგრძნო. ეს ალბათ უკვე პროფესიული ჩვევაა.
- ისე, ცხოვრებაა ისეთი, რომ კაცმა მართლა ლუპით უნდა იარო. "ქვიშის საათიც" მნიშვნელოვანი ნივთია შენთვის, რადგანაც მას შოუში - "გვეთამაშე ჩვენ" იყენებ. ცხოვრებაში თუ გამოგიყენებია? ან რას გაგონებს?
- არ უნდა ლაპარაკი, რომ დრო ძალიან სწარაფად გადის, ფაქტია, ადამიანი რაღაცებს ვერ ასწრებს. რომ გგონია, წამში მოასწრებ ამა თუ იმ საქმეს, მაგრამ - არა. ალბათ როგორც ყველას, ზოგჯერ 24 საათიც არ მყოფნის მთელი დღის განმავლობაში...
- ფოტოებზე ხშირად სათვალით ხარ ხოლმე. ეს სტილია თუ რამეს მალავ? არადა, მგონი, თავლები არ უნდა გქონდეს დასამალი...
- არ მაქვს, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემს თვალებში "ეშმაკუნები" დაინახონ. მინდა, რომ ისინი თავისთვის იყვნენ. ამიტომაც ვმალავ... ისე კი, უკვე სტილია, მიჩვეული ვარ სათვალეს. თუმცა თუ სათვალე მიკეთია და ადამიანს ველაპარაკები, ვიხსნი, თვალებში ვუყურებ, არ იფიქროს, რომ არ ვუსმენ.
- თუ გაიხსენებ ყველაზე უცნაური თემას, რაზეც გილაპარაკია?..
- საერთოდ, გაუგებარ და უცნაურ თემებზე არ ვლაპარაკობ. ისე, ეგ უფრო ჭორაობას ჰგავს. ჭორაობით მიჭორავია და იმდენ სისულელეზე მილაპარაკია, რომ... კი, მამაკაცებს ქალებზე გვისაუბრია და როგორც ხდება ხოლმე.
- კი, ამბობენ, მამკაცები ქალებზე მეტი ჭორიკნები არიანო...
- კი, ვსაუბრობთ ხოლმე (სიცილით ამბობს).
- სიტყვა კრეატიული ბოლო დროს ძალიან დამკვიდრდა ჩვენს მეტყველებაში. შენში რა ასოციაციას იწვევს?
- კრეატიული ჩემთვის სწარფად მოაზროვნეს ნიშნავს. ტიპი, რომელსაც მცირე დროში შეუძლია შექმნას პროდუქტიული რამ.
- სანამ სიტყვის არსს ჩაწვდები, ბგერათა ასოციაციით რას იწვევს?
- ეს სიტყვა რომ გესმის, ბგერებს აღქმით, რაღაც კრეტინობისკენ მიდიხარ (სიცილით ამბობს). ისე, კი კრეტინს მოაზროვნე ჯობია.
- ამ წუთას რა ლექსს წაგვიკითხავდი?
- მე დავიძინებ ახლა ღრმა ძილით,/ და გევედრები, ნუ გამაღვიძებ,/ განა იმიტომ, რომ დავიღალე,/ არამედ, მინდა, მოვითქვა სული...
- როგორ ფიქრობ, ჰოკეიმ, როგორც სპორტის სახეობამ, საქართველოში რატომ ვერ მოიკიდა ფეხი?
- არ გვევასება სრიალი... სრიალა ტიპები არ ვართ. ჩვენ ეგრევე, "ლაბავოი" მივდივართ. მერე ფეხზე თან, დანა არ მოსულა, დანა - ხელში, რა (სიცილით ამბობს)...
- ჰოდა, მინდორზე სირბილიც (ფეხბურთი) რომ აღარ გამოგვდის...
- ეგ, კიდევ სხვა და მძიმე თემაა.
- თუ დედოფალმა სიამის ტყუპი გააჩინა. უფლისწული ვინ იქნება?
- რომელსაც რაღაც სახასიათო ნიშანი ექნება (სიცილით ამბობს).
- შენი ნება რომ იყოს, რას იზამდი?
- თუ არსებობს სადმე ფილმის დაფინანსებისთვის ფული, იმას "მოვჟმოტავდი"... მოკლედ, თუ კინოსთვის განკუთვნილი თანხა სადმე ჰაერში ჰკიდია, ვინატრებდი, რომ ჩემი გამხდარიყო...
- რომელია შენი საყვარელი ფერი?
- ბოლო დროს შავისა და მუქი მწვანისკენ ვიხრები. შავ-თეთრიც მომწონს.
- მუქ მწვანეს სად მიყავხარ?
- რა თქმა უნდა, არაკაზნოს სიმწვანისკენ, არამედ უფრო ბუნებისკენ, სიწყნარისკენ, სადაც შენ ფიქრებთან განმარტოვდები.
- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებ შენს თავს?
- ძალიან მინდა, რომ ვიყო დონ კიხოტი, მქონდეს ჩემი კონკრეტული წისქვილები და არა გამოგონილი, ან ვიყო ჰამლეტი... ვისოცკიმ თქვა, უბრალოდ, ეს ძალიან კარგი როლია მსახიობისთვის! მასაც რომ არ ეთქვა, ჰამლეტი მართლაც მაგარია.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის