ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემაჯამებელი მუშაობის დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც და აღნიშნულია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული და კონსტრუქციულ გარემოში, გამჭვირვალედ ჩატარდა, რასაც ასამბლეა მიესალმება ისევე, როგორც სასამართლო სისტემაში რეფორმის პაკეტს თავისუფალი სასამართლოს უზრუნველყოფის მიზნით.
ამასთან, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის გამო."ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციის აქტივისტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ოპოზიციურ წარმომადგენლებზე ზეწოლის გამო ისევე, როგორც მთავრობის ყოფილი წევრების პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბრალდებების გამო", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის შეწყვეტა, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო საქმის წარმოება წარიმართოს გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების დაცვით, რისი შესრულების ვალდებულებაც აღებული აქვს ქვეყანას", - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად კომიტეტმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან. დოკუმენტის თანახმად, 2008 წლის ომის შედეგებთან დაკავშირებით კომიტეტი მუშაობას განაგრძობს და შარშან თავმჯდომარემ, თანამომხსენებლებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ჰააგის სასამართლოს პროკურორებთან შეხვედრაც გამართა. დოკუმენტი მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ავსტრიელმა დეპუტატმა შტეფან შენახმა მოამზადა.