ოზურგეთის სოფელ დვაბზუში თემურ რ.-მ მეუღლე მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა, - ამის შესახებ მოკლულის მეზობლები აცხადებენ.
მეზობლები ყვებიან, რომ მათ მოკლულის მცირეწლოვანი შვილების ყვირილი ესმოდათ, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ და როდესაც დასახმარებლად მივიდნენ, ნატალია რ. გარდაცვლილი დახვდათ.
"მას 4 და 7 წლის შვილები დარჩა. გვესმოდა მათი კივილი. ისინი დახმარებას ითხოვდნენ. ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ, თუმცა ახლა რის გამო იჩხუბეს, არ ვიცით", - აცხადებენ მეზობლები.
როგორც ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სახლს, რომელშიც მკვლელობა მოხდა, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა და მისი გადარჩენა სამაშველო სამსახურმა ვერ მოახერხა. ამ დროისათვის მკვლელობაში ბრალდებული თემურ რ. დაკავებულია. დაკითხვაზე იმყოფება ბრალდებულის დედაც.
მკვლელობა ოზურგეთში დღეს მოხდა. 1985 წელს დაბადებული ნატალია რ. ქმარმა ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სახლს, სადაც გვამი იყო, ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.