გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა "თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციამ ფარნაოზ ჭკადუას დაკავებისას ელექტროშოკი გამოიყენა, გიორგობიანის თქმით, ეს არის სიცრუე და სამართალდამცველებს "თავისუფალი ზონის" ოფისთან ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ. "თუმცა მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ", - დასძინა გიორგობიანმა.
გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია დღეს საღამოს სცემეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაზარალებულმა განუცხადა, მას თავს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დაესხნენ. ჟურნალისტი თავს მძიმედ გრძნობს და როგორც თავად აცხადებს, ახლა სხვა დეტალებზე საუბარი ფიზიკურად არ შეუძლია. "თუ გადავრჩი, დეტალებს მერე მოგიყვებით", - აღნიშნა დავითაიამ.
მისი კოლეგა ჯაბა ხუბუა კი ამბობს, რომ დავითაიას ნეკნები აქვს ჩამტვრეული და ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. მისივე თქმით, ზაზა დავითაია რედაქციაში მიდიოდა, როდესაც შარტავას ქუჩაზე "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები თავს დაესხნენ. ხუბუას ინფორმაციით, მათ შორის იყო "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა. "მომხდარს ვუკავშირებთ ზაზას აქტიურობას სოციალურ ქსელში, "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერბრიგადის, "თავისუფალი ზონის" პირდაპირი ანგარიშსწორება", - აცხადებს ჯაბა ხუბუა.
მისივე თქმით, ერთი თვის წინ, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა ვაჟა მორგოშიამ დაურეკა ზაზა დავითაიას და ემუქრებოდა, რომ ბაჩო ახალაიაზე სტატიების წერისთვის თავი დაენებებინა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ხულიგნობის მუხლით დაიწყო. გარდა ამისა, შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე და ატყობინებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ, როდესაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გოგოხიამ. ის დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით. დავით გოგოხია "თავისუფალი ზონის" წევრია.