რეჟისორ გიორგი ოვაშვილს ფილმის - "სიმინდის კუნძული" ჩვენება პარლამენტის კინოდარბაზში მოეწყო. დეპუტატებმა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა რეჟისორს გარკვეული შენიშვნები მისცეს და გააკრიტიკეს.
ნაწილის მოსაზრებით, ფილმში აფხაზეთის პრობლემა არასწორად არის დანახული, ქართველი კაცის სახე კი უარყოფითად წარმოჩენილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ "სიმინდის კუნძულში" პედოფილიის ნიშნებიც დაინახა. გვაზავას მოსაზრებას დაეთანხმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი - გია ვოლსკიც. დეპუტატის თქმით, 12 წლის ბავშვზე ამდენი აქცენტი სექსუალურ თემაზე არც ერთ უცხოურ ფილმში არ უნახავს.
მიუხედავად ამისა, პროექტი წელს საქართველოდან, როგორც საუკეთესო ნამუშევარი "ოსკარზეა" წარდგენილი და მის შემდგომ წარმატებაზე გარკვეული მოლოდინიც არსებობს.
პარლამენტში რეჟისორის გაკრიტიკების შემდეგ Ambebi.ge გიორგი ოვაშვილს დაუკავშირდა. ვეცადეთ, გაგვერკვია, თუ რას ფიქრობს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე.
- ეს არის მაყურებელი, რომელსაც აქვს თავის აზრი. ფილმი იმისთვის გაკეთდა, რომ ხალხლმა ნახოს და საკუთარი შეფასება გააკეთოს. არაერთხელ მითქვამს, რომ აბსოლუტურად ღია ვარ კრიტიკისთვის და მივესალმები ნებისიერი სახის კრიტიკას, თუ ის არ გადადის შეურაცხყოფასა და აგრესიაში. ასე რომ, გუშინ გამოთქმულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, რადგან ის მაყურებლის შეფასებაა. ამიტომ გამიჭირდება რაიმე ტიპის კომენტარი გავაკეთო, რადგანაც რა კომენტარიც მინდოდა, ფილმში ვთქვი... ასე რომ, მეტს მართლა ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ პატივს ვცემ ყველას, კრიტიკულ თუ პოზიტიურ შეფასებას.
- როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა, ბატონი გია ვოლსკი, როდესაც გითხრათ, რომ ფილმში მცირეწლოვანი ბავშვშვზე სექსუალური აქცენტის გაკეთება არ იყო საჭიროო.
- ალბათ, კარგი იქნება, ამ კითხვით ბატონი ვოლსკისთვის მიგემართათ. როგორ შეიძლება, ვიცოდე, სხვა ადამიანი რას ფიქრობდა და გულისხმობდა?.. ამასთან, ასეთი საკითხების განხილვაში კარგი იქნება, თუ კინოკრიტიკოსები ჩაერთვებიან, რადგანაც სხვა შემთხვევაში, მსგავსი პოლემიკა, რომელიც ძალიან ჯანსაღია, ყურდღების მიღმა რჩევა. ზოგადად ეს კარგი იქნება ქართული კინოს განვითარებისთვისაც.
- უკაცრავად და ეს კრტიკოსებიც რომ თითზე ჩამოსათვლელნი არიან და მათ შორის უმეტესობა - ტენდენციური?
- ტენდენციურებიც უნდა გამოჩნდნენ, მაყურებელმა რომ დავინახოთ. ყველაფერი საინტერესოა, სადაც მსჯელობა, განხილვა, კრიტკა, ვნებათაღელვა მიდის, რაც არ უნდა ობიექტური თუ სუბიექტური იყოს ის, ხალხს ეს სჭირდება.
- გუშინდელი ამბავიც?
- თუნდაც, ის გუშინდელი ვნებათაღელვა ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, შესანიშნავი იყო. ვიგრძენი, რომ ტყუილად არ მიშრომია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კრიტიკა წამოვიდა ჩემ მიმართ, შეიძლება, არაობიექტურიც, მაგრამ ეს მე მიხარია.
- თქვენი ფილმი - "სიმინდის კუნძული" საქართველოდან "ოსკარზეა" წარდგენილი. რა მოლოდინი გაქვთ?
- არასოდეს ველი არაფერს. ჩემთვის ფილმი მთავრდება იქ, როდესაც მას ვასრულებ. იმის შემდეგ უკვე გარკვეულ მოვალეობას ვიხდი, ვალდებულებები მაქვს აღებული მაყურებლის წინაშე, რომ სადღაც გამოვჩნდე, ვესაუბრო მას, ან სადღაც წარვადგინო ფილმი, ფესტივალზე ვაჩვენო. ეს ჩემთვის დამიჯერეთ, სამუშაოს ნაწილია, რომელიც ძირითადი პროფესიისგან განსხვავდება. ამიტომ კარგი თუ ცუდი გაგებით, მოლოდინი, პროგნოზი ასეთ რაღაცებზე ნაკლებად მაქვს, რადგანაც უკვე შემდეგ პროექტზე ვფიქრობ, თუ როგორ დავიწყო მასზე მუშაობა, როგორ მოვაგროვო ფული და ა.შ.
- რა არის თქვენი შემდეგი პროექტი?
- ეს არის დრამა, მხატვრული ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრების ბოლო დღეებზე. აბსოლუტურად მხატვრული ნაწარმოებია. ეს არ არის ქრონიკა...
- ამ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიას გულისხმობთ?
- კი, ზვიად გამსახურდიას ვგულისხმობ, მაგრამ ეს არ არის ფილმი ზვიად გამსახურდიაზე, ეს არის ფილმი ლიდერზე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს კარგავს ძალაუფლებას, მხარდაჭერას და საკუთარ თავთან პირისპირ რჩება.
- ე.ი. ფილმი იქნება ზოგადად ლიდერზე...
- დიახ და განხილულია, იმ რეალურ ამბებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს ისტორიაში იყო.
- როლს ვინ შეასრულებს?
- ბევრს ვფქირობთ. ეს ასე ადვილი გადასაწყვეტი არ არის. არ მიყვარს ასეთ საკითხებში აჩქარება, რადგანაც დიდი პასუხისმგებლობაა...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის