საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას და ცირა ბესელია ოჯახში მესამე ბავშვი იყო. ორი დის დაბადების შემდეგ ბიჭზე ოცნებობდნენ, თუმცა კვლავ გოგონა გაჩნდა. თავის თავს ბიჭის ძიებაში დაბადებულს ეძახის. მეოთხე ბიჭი დაიბადა, თუმცა ყველაზე განებივრებული დედმამიშვილებში მაინც მესამე და, ცირა ბესელიაა. ჩვენი რესპონდენტისგან ცნობილი პარლამენტარის ბავშვობაზე ბევრი რამ შევიტყვეთ. დედობრივი განცდა უფრო მაქვს მის მიმართ, ვიდრე დის, იმიტომ, რომ ძალიან მზრუნველია
- ოთხი დედმამიშვილი ვართ. სამ დას ერთი ძმა გვყავს. დებს შორის ყველაზე პატარა მე ვარ. პირველი ხათუნა დაიბადა, მერე გაჩნდა ეკა. ჩემსა და ეკას შორის ასაკობრივი სხვაობა შვიდი წელია. ბოლოს გაჩნდა ბესო. მამაჩემს ძალიან უნდოდა ბიჭი, ვხუმრობ ხოლმე, ბესოს ძიებაში ვარ დაბადებული-მეთქი.
- როგორი იყო ეკა ბავშვობაში?
- ძალიან ცელქი. მახსოვს, რომ ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული იყო. თამაშსაც ასწრებდა და სწავლასაც. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ფეხბურთსაც თამაშობდა. სულ კითხულობდა. მე არ ვიყავი ასეთი ბეჯითი ბავშვი. დედა სულ მეუბნებოდა, იმეცადინეო. ეკას ამის თქმა არ სჭირდებოდა, სულ კითხულობდა და მეცადინეობდა.
- დედმამიშვილებში ყველაზე კარგად ეკა სწავლობდა?
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ცუდად ვსწავლობდით. ეკა განსაკუთრებულად შრომისმოყვარე იყო. ყველა ვსწავლობდით, უბრალოდ, ეკას არ სჭირდებოდა იმის თქმა, აიღე წიგნი და იმეცადინეო. ასწრებდა გართობასაც, სწავლასაც და შემოქმედებითად დახარჯვასაც. მახსოვს, სკოლებში სპექტაკლებს დგამდა. ბავშვობიდან გამორჩეული იყო.
- დედმამიშვილებში რომელ თქვენგანს ეკუთვნოდა გადამწყვეტი სიტყვა?
- ტრადიციულ ოჯახში ვართ გაზრდილები, სადაც უფროსი ყოველთვის უფროსობდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დედმამიშვილებში ნაბოლარა ძმა მყავს, მე ვარ განებივრებული. თუ ისე იკრიბებიან, რომ მე არ ვარ, ყველას საშინელი დისკომფორტი აქვს.
- მეტსახელი გაქვთ?
- ეკა ციკოს მეძახის.
- სახელი - ცირა მან დაგარქვათ?
- სახელი მამამ დამარქვა. მესამე გოგო რომ დავიბადე, მამას შეაპარეს, კარგი ცირა დაიბადაო, მეგრულიდან რომ ვთარგმნოთ, დაახლოებით ნიშნავს, კარგი გოგონა დაიბადაო. ასე დამერქვა ცირა. მე კი ვაპროტესტებ, მაგრამ რას გავაწყობ.
- ეკასთან მეგობრობთ?
- ეკა ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე დედმამიშვილი. დედობრივი განცდა უფრო მაქვს მის მიმართ, ვიდრე დის, იმიტომ, რომ ძალიან მზრუნველია. განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობა გვაქვს. წლების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით. ახლაც ერთად ვცხოვრობთ. დედმამიშვილები სულ ერთად ვისვენებთ. ხომ შეიძლება, რომ მეგობრებთან ერთად დავისვენოთ, მაგრამ ერთმანეთთან ყველაზე კარგ დროს ვატარებთ. ჩვენ შორის ყველაზე მზრუნველი ეკაა. მას ბევრი ფუნქცია აქვს შეთავსებული. როგორც დედა ზრუნავს თავის შვილებზე, ისე ზრუნავს ეკა თავის დედმამიშვილებზე.
იხილეთ გაგრძელება