სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მესტია-ხაიშის გზაზე კლდეზვავის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგენილია.
"დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შტაბის საქმიანობის კოორდინაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება. ამ ეტაპზე მესტია-ხაიშის გზაზე კლდეზვავის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგენილია. გურიაში და იმერეთში, უხვი უწყვეტი ნალექის პირობებში, მოსახლეობის ეზოებიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურად მიმდინარეობს.
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ჩოხატაურის ხუთ სოფელში, ფოთში, ქალაქ ლანჩხუთის ნაწილში. ვანის ორ სოფელში დაზიანებული ტრანფორმატორების შესაკეთებლად ბრიგადები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ოზურგეთის რაიონის რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის აღსადგენად. ჩამოწოლილი მეწყრული მასისგან იწმინდება ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი.
საგანგებო შტაბის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა უწყება აუცილებელი ღონისძიებების გატარებას აგრძელებს", - ნათქვამია განცხადებაში.