საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ გამოსცადა საკუთარ თავზე, სტიქიით მიყენებული ზარალის სიმძიმე. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას, რომელიც ყოველი სტიქიური უბედურების დროს ახალი პრობლემების წინაშე დგას.
რთული მთიანი რელიფისა და კლიმატური თავისებურებების გამო, ასევე საშიში სტიქიური პროცესების განვითარების მასშტაბების, მათი დროში განმეორებადობისა და მოსახლეობასა და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტებზე სტიქიური პროცესების ზემოქმედების გათვალისწინებით, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს რეგიონს განეკუთვნება.
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის მონაცემებით, 2010 წლისთვის, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 400 ადამიანს აღემატებოდა. ეკონომიკური ზარალი, რაც ქვეყანას ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ადგება ყოველწლიურად, საშუალოდ 250 მლნ. ლარია.
Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ სახელმწიფოც და მოსახლეობაც გარკვეული მზადყოფნით შეხვდეს სტიქიურ უბედურებებს და შეძლებისდაგვარად აიცილოს თავიდან ზარალი.
კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის დირექტორის, რეზო გეთიაშვილის ინფორმაციით, სტიქიური უბედურებების შემდეგ საქართველოში პრევენციის ხარჯები რამდენიმე ათეულჯერ ნაკლებია მიყენებულ ზარალზე. ასევე მცირეა ზარალის ანაზღაურება - როგორც წესი, ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ მოსახლეობა ზარალის ანაზღაურების გარეშე რჩება, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
მისივე თქმით, ბუნებრივი კატასტროფების მართვა მოქმედებების საკმაოდ გრძელი ჯაჭვია, რომელიც ორგანიზაციული, სამართლებრივი და პოლიტიკური მართვის ელემენტებს შეიცავს. კატასტროფების მართვის დროს მნიშვნელოვანია თანმიმდევრული ქმედებების განხორციელება, რომლებიც მოიცავს: რისკების შეფასებას, შერბილებას, გადაუდებელ დახმარებას, აღდგენა-რეკონსტრუქციას და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ზარალის შეფასება:
"ზარალის შეფასება ყოველთვის დაკავშირებული უნდა იყოს შემდეგ აღდგენასთან და შესაბამისი ქმედებების განხორციელებასთან. მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ხდება ხოლმე. არსებობს ფონდი, სადაც გარკვეული რესურსებია თავმოყრილი. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სარეზერვო ფონდებში კი არა, მთავრობის ბიუჯეტში უნდა იყოს ასახული", - აღნიშნავს რეზო გეთიაშვილი.
მისივე თქმით, არსებობს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული გეგმის შესახებ. ეს გეგმა ავალდებულებს რეაგირებას სხვადასხვა სტრუქტურებს.
"ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად 40-მდე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დავატრენინგეთ. რეაგირება ნიშნავს კონკრეტული ქმედებების ერთობლიობას პირველი ნახევარი საათის განმავლობაში. ანუ ამ დროში მაქსიმალურად უნდა მოხდეს ზარალის შემცირება. თუ ამ დროში ვერაფერი გაკეთდება, ე.ი. რეაგირება ჩავარდა. უნდა არსებობდეს გეგმები და შტაბი. თუ ადგილობრივი დონის კატასტროფაა, ადგილობრივი გეგმა საკმარისია, თუ საჭიროება მოითხოვს, არამარტო რეგიონული და სახელმწიფო, არამედ საერთაშორისო დახმარებაც შეიძლება მივიღოთ", - ამბობს რეზო გეთიაშვილი.
თუმცა ვიდრე საერთაშორისო დახმარების საჭიროებამდე მივა საქმე, სახელმწიფოს შეუიძლია ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხეებისგან დაიცავს.
როგორც გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მერაბ გაფრინდაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული დეპარტამენტი ორი ძიღითადი მიმართულებით მუშაობს:
პირველი ეს არის ყოველწლიური გეოლოგიური მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: "აქამდე ერთჯერადად ხდებოდა მონიტორინგი, მიმდინარე წელს მოგვეცა საშუალება, დაძაბულ უბნებზე რამდენჯერმე განვახორციელოთ მონიტირინგი. მეორე მიმართულება ეს არის - გეოლოგიური სტიქიის ფორსმაჟორული სიტუაციების მართვა. ჩვენი სპეციალისტები ოპერატიულად გადიან ადგილზე, ხდება პროცესის იდენტიფიცირება, იქვე მუშავდება რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, დასკვნები გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და შესაბამის უწყებებს. რომლებიც ახორციელებენ სალიკვიდაციო სამუშაოებს და დამცავ ღონისძიებებს", - აღნიშნავს მერაბ გაფრინდაშვუილი.
მისივე თქმით, ყიოველწლიურად ხდება ბიულეტენის გამოცემა, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას სტიქიის ზონებისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.
მიუხედავად ამისა, ვერ ხდება აქტიური კონტროლი, მოსალოდნელი შედეგების ასაცილებლად და მოსახლეობის დასაცავად, რადგან სახელმწიფოს საჭირო სახსრები არ აქვს. ასევე არ არის საჭირო სახსრები ზარალის მაქსიმალური ანაზღაურებისთვის.
როგორც მერაბ გაფრინდაშვილი აღნიშნავს, არის პროცესები, რომლის პროგნოზირება შესაძლებელია, დროშიც და სივრცეშიც, მაგრამ არის პროცესები, რომლების დროში განსაზღვრა თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, გეოლოგებს არ შეუძლიათ.
"ვიცით არეალი, მაგრამ არ შეგვიძლია ზუსტი პროგნოზირება. ასეთ დროს ზარალს ვერ ავიცილებთ, მაგრამ სწორი რეაგირებით შეგვიძლია ავიცილოთ მსხვერპლი. ამ მიმართულებით საქართველომ გადადგა ნაბიჯი - 3 უბანზე უკვე დამონტაჟებულია თანამედროვე აღჭურვილობა, რომელიც ადრეულ შეტყობინებაზეა პასუხისმგებელი. დაწყებულია მუშაობა კიდევ ერთ ხეობაში ადრეული შეტყობინების აღჭურვილობის მოწყობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული", - ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.
რაც შეეხება ჰიდრომეტეოროლოგიურ კატასტროფებს (წყალდიდობები, დატბორვები, წყალმოვარდნები, ქარიშხალი, სეტყვა, გვალვა), მათი კონტროლიც სწორი პროგნოზირებითა და შესაბამისი სამუშაოების დროული ჩატარებითაა შესაძლებელი. მაგალითად, იმისთვის, რომ არ მოხდეს ქალაქების დატბორვა, უნდა გამაგრდეს ჯებირები, მოწესრიგდეს ქალაქებში სანიაღვრე სისტემები, რაც პროცესებში სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. ის ფაქტი, რომ ყოველ წელს, საქართველოს სტიქიური უბედეურებების შედეგად საკმაოდ დიდი ზარალი ადგება, უკვე მეტყველებს, რომ სტიქიის მართვის არსებული ბერკეტები საკმარისი არ არის და აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან ახალი პოლიტიკის შემუშავება ბუნებრივი კატასტროფების მართვის კუთხით.
თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE