საქართველოში კიდევ არსებობენ ახალგაზრდები, რომლებისთვისაც ოჯახის შექმნა ქალის მოტაცებით, მისაღებია. ამას Adami.ge-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვაც ცხადყოფს, რომელსაც მკითხველი სტატიის დასასრულს იხილავს. Adami.ge-მ შემთხვევითი პრინციპით შერჩეული ახალგაზრდა მამაკაცები გამოკითხა. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა ოჯახის შექმნის მიზნით ქალის მოტაცების წინააღმდეგია, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც მთავარი სუბიექტური მისწრაფებები და სურვილებია და არ აინტერესებს, ირღვევა თუ არა მისი სურვილების განხორციელებით სხვების უფლებები.
მოტაცების ტრადიცია საკმაოდ ძველია. თუმცა ეს ტრადიცია უფრო მეტად ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში იყო გავრცელებული. ადრე ქალს იმ შემთხვევაში იტაცებდნენ, თუ სასიძოს საშუალება არ ჰქონდა ქალი ოჯახიდან ოფიციალურად წამოეყვანა, - იქნებოდა ეს ნიშნობა, ჯვრისწერა, თუ ქორწილი.
საქართველოში, ზოგ რეგიონებში გოგონებს დღესაც იძულებით ათხოვებენ. მაგალითად, ლაგოდეხის რაიონ კაბალის თემში, სახალხო დამცველის აპარატის კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო პერიოდში 20-ზე მეტი ადრეული ქორწინების შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით მაღალია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, გოგონათა მოტაცება და გარიგებით ქორწინება.
თბილისშიც კი, რომელიც პროვინციული აზროვნებისგან შორსმდგარ ქალაქად მიიჩნევა, ხშირად გადაუწყვეტიათ ქალის მშობლებს შვილის მომავალი მეუღლის ვინაობა ისე, რომ მისთვის არაფერი უკითხავთ. ხშირია შემთხვევები, როცა გოგონას დედა ან მამა, მისი მოტაცების მომსწრეა, მაგრამ არაფერს აკეთებს შვილის დასაცავად იმ მოტივით, რომ ქალი "კარგ ოჯახში" ხვდება.
დღეს ბევრი ორგანიზაცია მუშაობს ქალთა უფლებების დაცვაზე, მაგრამ ალბათ მთავარი იმ მამაკაცების ინფორმირებაა, ვისაც სჯერა, რომ ქალის მოტაცება ოჯახის შექმნის მიზნით, მისაღებია და ამ ხერხით შექმნილი ოჯახი მყარი იქნება.
ამ მამაკაცებმა, პირველ რიგში, ის უნდა იცოდნენ, რომ ქალის მოტაცება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. თავისუფლების უკანონო აღკვეთა – სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებაა, რომლის დროსაც პირი სხვა პირს არ აძლევს თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ან იძულებით გადააადგილებს ერთი ადგილიდან სხვა მიმართულებით, ისე, რომ მას ამის უფლება არ აქვს არც პროფესიული საქმიანობიდან და არც სხვა გარემოებიდან გამომდინარე.