სამმა ქართველმა ახალგაზრდამ ევროკავშირის ახალგაზრდა გამომგონებელთა ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. დავით ჩხეიძემ, ნიკა ალავიძემ და გიორგი ჭელიძემ პოლონეთში გამართულ ჩემპიონატზე ორი პროექტი - კვერცხზე ბზარების აღმომჩენი აპარატი და ე.წ. "ჭკვიანი მწოლიარე პოლიციელი" წარადგინეს.
კვერცხზე ბზარების აღმომჩენი აპარატის ავტორი ნიკა ალავიძეა. აღნიშნული აპარატი მიკროსკოპული სიდიდის ბზარსაც კი პოულობს კვერცხზე და მისი გამოყენება აქტიურად შეიძლება მეფრინველეობაში. აპარატი ფერმერს ფრინველის კვერცხების გადარჩევასა და დაზიანებული კვერცხების გადახარისხებაში დაეხმარება.
რაც შეეხება მეორე გამოგონებას, ის დავით ჩხეიძესა და გიორგი ჭელიძეს ეკუთვნის და მისი მთავარი იდეა შემდეგში მდგომარეობს: "ჭკვიანი მწოლიარე პოლიციელი" არის ბავშვებისა და ქვეითების უსაფრთხოების დასაცავად, გზებზე დამონტაჟებული "მწოლიარე პოლიციელების" ორიგინალური ალტერნატივა. მასზე ნელა გავლის შემთხვევაში მანქანის მძღოლი საერთოდ ვერ იგრძნობს მის არსებობას. ხოლო ის, ვინც "ჭკვიან მწოლიარე პოლიციელს" სწრაფად გადაკვეთს, ავტომანქანას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
ახალგაზრდები "ახალგაზრდა გამომგონებელთა კლუბის" წევრები არიან. როგორც კლუბის ხელმძღვანელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების ასოცირებული პროფესორი, მიხეილ კოტიშაძე აღნიშნავს, გამომგონებელთა კლუბს 7-8 წლის ისტორია აქვს. ამ დროის განმავლობაში კლუბმა სამი გამოგონება დააპატენტა. საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს დაახლოებით 5 ოქროს მედალი, ასევე 4 - ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი. გარდა ამისა, კლუბის წევრებმა გაიმარჯვეს საქართველოს ახალგაზრდა გამომგონებელთა "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე და მთავარი პრიზით გაემგზავრნენ ლოს-ანჯელესში მსოფლიო ფორუმზე.
კლუბის წევრები ბევრი სხვა საინტერესო გამოგონების ავტორები არიან. მაგრამ, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებენ ყველა გამოგონების დაპატენტებას. როგორც მიხეილ კოტიშაძე აღნიშნავს, ადრე გამოგონების დაპატენტება მაქსიმუმ, 100 ლარი ჯდებოდა. დღეს კი ამ ყველაფრისთვის 300-დან 500 დოლარამდე თანხაა საჭირო.
მისივე თქმით, კლუბის წევრების მიერ შექმნილ პროექტებს შორის, ერთ-ერთი რეზონანსული იყო ჯავშან-ჟილეტების იდეები: "რამდენიმე ჯავშან-ჟილეტი გავაკეთეთ, მათგან ერთი დაპატენტდა, მეორე დაპატენტების პროცესშია, ხოლო მესამე, რომელმაც ოქროს მედალი მიიღო ერთ-ერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, არ დაგვიპატენტებია. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ერთ-ერთმა ჯავშან-ჟილეტმა ოქროს მედალი მოიპოვა, ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში მუშაობენ სწორედ ამ ტიპის ჯავშან-ჟილეტის შექმნაზე. ეს არის თხევადი ჯავშან-ჟილეტი და მთავარი პრინციპი აქ არანიუტონისებრი სითხეებია", - აღნიშნავს მიხეილ კოტიშაძე.
კლუბის წევრების გამოგონებებს შორის არის ორიგინალური ფილტრი ქარხნებისთვის, რომელიც ჰაერს დაბინძურებისგან იცავს. ასევე, ნიკა ალავიძის მიერ შექმნილი წყალქვეშა სუნთქვის აპარატი, რომელიც აკვალანგის მცირე ზომის, მოსახერხებელ ალტერნატივას წარმოადგენს.
მიხეილ კოტიშაძის თქმით, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა ამ პროცესებში. იქნება ეს მსგავსი კლუბების შექმნა, მათ განსავითარებაზე ზრუნვა, თუ სხვადასხვბა პროქტების ორგანიზება, რათა ეს სფერო უფრო წარმატებული გახდეს.
გამომგონებელთა კლუბი კიდევ ბევრი საინტერესო პროქეტის განხორციელებას გეგმავს. იმედია, სახელმწიფო ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მათი გამოგონებების დაპატენტებასა და რეალიზებას, არამედ საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანის საქმიანობას.
თამარ კორკოტაშვილი