ხაშურელი ბადრი შერაზადიშვილი 6 წელია, ათონის მთაზე ცხოვრობს და იქ მონასტრების სარეაბილიტაციო და აღდგენით სამუშაოებს ეწევა. ათონის მთაზე მოხვედრა ყველა მართლმადიდებლის ოცნებაა, ზოგი ახერხებს და ზოგიც მხოლოდ იმ მონაყოლს სჯერდება, რომელსაც სხვადასხვა საშუალებით ეცნობა.
- ნაწინასწარმეტყველებია, რომ ღვთისმშობლის ხატი, მეორედ მოსვლისას, ათონის მთას დატოვებს და საქართველოში ჩამობრძანდება. მთაზე მცხოვრებნი თუ საუბრობენ ამაზე და თუ სჯერათ ამის?
- კი, ამბობენ და იციან, რომ ეს უსათუოდ მოხდება. სხვათა შორის, მანამ, ვიდრე ცივილიზაცია შევიდოდა (ტელეფონი, ინტერნეტი და სხვა), ივერონში ათონის მთის ყველა მონასტრიდან იგზავნებოდა ხოლმე ერთი ადამიანი, რომელიც ამოწმებდა, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ისევ იქ იყო თუ არა და შემდეგ მიჰქონდა ინფორმაცია თავის მონასტერში. მორწმუნეებს ეს სჯერათ და ვინც არაა მორწმუნე, შეიძლება, მათთვის მითოლოგია და დაუჯერებელი იყოს, მაგრამ მათ რომ იცოდნენ, რამხელა სასწაულებს ახდენს ღვთისმშობლის ხატი, არაფერი იქნებოდა წარმოუდგენელი. მე მქონდა ბედნიერება, ეს ხატი ხელში მჭეროდა. ენით ვერ აღვწერ, ისეთი განცდაა. გრძნობ, რომ ცოცხალ ადამიანს ეხები, საკუთარ დედას. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სითბო მოდის ხატისგან.
- ვადოპედის მონასტერში ინახება ქალწული მარიამის სარტყელი, რომელიც მას წელზე ერტყა, როდესაც მაცხოვარზე იყო ფეხმძიმედ. ათონზე სტუმრად ჩასულებს თუ აქვთ ამ სიწმინდესთან მიახლების საშუალება?
- დიახ, ეს ქამარი ინახება ვადოპედის მონასტერში და საოცარ სასწაულებს ახდენს. ძირითადად უშვილობის მკურნალად მიიჩნევა, თუმცა სხვა დაავადებებსაც კურნავს. მისი მოლოცვის საშუალება ყველას აქვს. მონასტრის სტუმარს შეუძლია, წამოიღოს ლენტი, რომელიც ამ სარტყელზეა შეხებული, სპეციალური ლოცვები ეკითხება და იძენს სასწაულმოქმედ ძალას. რამდენიმე წლის წინ ინგლისის პრინცი იმყოფებოდა მონასტერში. როდესაც სარტყლის შესახებ მოუყვნენ, მისი დელეგაციის ერთ-ერთ წევრს (რომელიც სამეფო დინასტიიდან იყო) უთქვამს, - არ ვარ მართლმადიდებელი და თუ შეიძლება წავიღო? მე და ჩემს ცოლს წლებია, შვილი არ გვყავს და მედიცინა უძლური აღმოჩნდაო. ბუნებრივია, აჩუქეს ლენტი და ზუსტად ერთი წლის შემდეგ ეს კაცი ჩამოვიდა მონასტერში, ბიჭი შემეძინაო და მონასტერს 20 მილიონი დოლარი შესწირა.
- ბადრი, თქვენ მსახურობთ რუსულ მონასტერში. ქართულ-რუსული ურთიერთობა დღეს, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან ცუდია და ამაზე თუ საუბრობთ ხოლმე მონასტრის საძმოსთან?
- ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთ ურთიერთობას ძალიან განიცდიან. იქ მყოფ ქართველებს ძალიან თბილად გვეპყრობიან და თითქოს ამით გამოხატავენ ჩვენდამი თანადგომას. უდიდესი პატივისცემა აქვთ ჩვენი პატრიარქის მიმართ. მათი მიდგომა ილია მეორის პიროვნებისადმი შეიძლება შევადაროთ წმინდანთან მორწმუნის ურთიერთობას. საოცარი რიდი და სიყვარული აქვთ წმინდა ბერი გაბრიელ-სალოსის მიმართაც. ეს განცდა ჯერ კიდევ მანამდე ჰქონდათ, ვიდრე წმინდანად შერაცხავდნენ და ახლა უკვე ხატებს ეთაყვანებიან.
(გამოდის ხუთშაბათობით)