ქალაქის ხელისუფლება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდამდე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში პროექტი არსებობს, რომლის ფოტოები სლაიდშოუს სახით დღეს გავრცელდა. საკითხი თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომაზეც განიხილეს და კამათი გამოიწვია. პროექტით პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი ესტაკადის აშენება იგეგმება, რომელიც რკინის კონსტრუქცია იქნება, მის ქვეშ კი ამ ქუჩაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მოექცევა.
კეთილმოწყობის სამსახურს საპროეტქო წინადების განხორციელებისთვის 140 ათასი ლარი გამოეყო. 150 მეტრი სიგრძის ესტაკადის მშენებლობის ღირებულება კი 2 მლნ ლარია.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, ორმხრივი მოძრაობის აღდგენა საარჩევნო დამნაპირებს წარმოადგენდა. ესტაკადის მშენებლობა ბარათაშვილის ქუჩასა და თავისუფლების მოედანს შორის სატრანსპორტო ნაკადს განტვირთავს.
მისივე თქმით, აღნიშნული გზის აღდგენა, უპირველეს ყოვლისა, გონივრული მშენებლობის ხარჯზე განხორციელდება, ისე, რომ არ დაზიანდება კულტურული მემკვდრეობის არც ერთი ძეგლი. ამასთან, ესტაკადის გადახურვაც ისე მოხდება, რომ ყველა ძეგლი ხელუხლებელი და დაუზიანებელი დარჩება. სამუშაოების დასრულების შემდეგაც მსურველებს მათი ნახვის საშუალება ექნებათ.
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ქუჩის მაცხოვრებლები ეწინაღმდეგებიან.
"სარეაბილიტაციო სამუშაოები ძველ შენობებს სათანადოდ არ ჩაუტარდა, რის გამოც უკვე კედლებზე ბზარები გაჩნდა. ვშიშობ, რომ ეტაკადის მშენებლობა და ორმხრივი მოძრაობის აღდგენა ძველ, ფასადურად გარემონტებულ შენობებს კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს".
დაზიანებული შენობების დანგრევის საფრთხეზე საუბრობს Ambebi.ge-სთან კიდევ ერთი ადგილობრივი:
"ესტაკადის მშენებლობა მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს, რადგან პუშკინის ქუჩაზე "თბილისის განვითარების ფონდმა" თავის დროზე განახორციელა სამუშაოები, რომელიც ზერელად არის შესრულებული. პუშკინის N11-ს წინ ამოუშენეს თაღი, ლამაზი ფასადისთვის, თუმცა თაღის უკან არის ძველი იტალიური ეზო, რომელიც ნგრევის პირასაა. იქ მძიმე ტექნიკას მუშაობის შემთხვევაში დაბზარულ და ნახევრად დანგრეულ კედლებს პრობლემები შეექმნება", - აცხადებეს პუშკინის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე.
ეკატერინე ბახუტაშვილი
AMBEBI.GE