ევროსაბჭოს ექსპერტები ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ახალ მოდელს – ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას სთავაზობენ.
ჯოზეფ კანატაჩი და გრეჰემ სატონი აღნიშნულ თემაზე მომუშავე ჯგუფს ურჩევენ, თუ ფარული მოსმენა-მიყურადების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება, კერძო პროვაიდერს ან მონიტორინგის სპეციალურ სამსახურს მეორე გასაღები გადაეცეს. მათი შეფასებით, ამგვარი მექანიზმი უკანონო მოსმენებისგან დაცვას მეტად უზრუნველყოფს.
ჯოზეფ კანატაჩიმ და გრეჰემ სატონმა საკუთარი მოსაზრებები მედიას პარლამენტში გამართული ორდღიანი შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს.
"ერთგაასაღებიანი სისტემა მისაღები არ არის. ჩვენი რჩევაა, იყოს ერთზე მეტი გასაღები. მეორე გასაღები უნდა იყოს სხვის ხელში და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. მეორე გასაღები გადამოწმებისთვის უნდა იყოს გამოყენებული იმ დროს, როცა კომუნიკაციებში ჩართვის თაობაზე სასამართლო განჩინება გაიცემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის გასაღებს გამოიყენებს. მეორე უწყებას, სადაც მეორე გასაღების შენახვა გადაწყდება, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს განჩინების სინამდვილე - მართლაც გაიცა თუ არა. ეს შეიძლება იყოს კერძო პროვაიდერი, სპეციალური მონიტორინგის სააგენტო, სადაც მეორე გასაღები შეინახება", - განაცხადა ჯოზეფ კანატაჩიმ.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მათი წინადადების მიხედვით, არც ერთი გასაღები დამოუკიდებლად არ იმოქმედებს - სისტემაში შესვლისას და მოსმენაზე ჩართვისას, ორივე გასაღები უნდა ამოქმედდეს.
გარდა ამისა, ევროსაბჭოს ექსპერტების ცნობით, დებატების კიდევ ერთი საგანი ე.წ. შავ ყუთებს და მისი არსებობის საჭიროებას ეხება. მათი თქმით, "შეიძლება არსებობდეს შავი ყუთიც და გასაღებებიც და შეიძლება იყოს გასაღების სისტემა შავი ყუთის გარეშე".
"სისტემა, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს, კომუნიკაციაში უკანონოდ ჩართვის შესაძლებლობას ვერ გამორიცხავს. საერთოდ, ვერანაირი სისტემა ამას ვერ გამორიცხავს და 100%-ით დამცავ მექანიზმებს არც ერთი სისტემა არ იძლევა. შსს-ს წინადადება აუმჯობესებს ვითარებას, რაც არის, მაგრამ ეს არასრული ნაბიჯია", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯოზეფ კანატაჩიმ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადება ამ საქმეში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორების საზედამხედველო როლის გაძლიერებაში მდგომარეობს. შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, უნდა მოხდეს ყველა ინფორმაციის ინსპექტორისთვის გადაცემა და მას პროცესის გაკონტროლების და ზედამხედველობის შესაძლებობა მიეცეს.