როგორ იცავენ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს საქართველოში

როგორ იცავენ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს საქართველოში

მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების დაცვის შესახებ ambebi.ge-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ჯანიაშვილი ესაუბრება. გურამ ჯანიაშვილი 1991-1994 წლებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურის უფროსი იყო.

- პირადი დაცვა რთული და ღრმა პროფესიაა, რომელიც დღემდე შესასწავლია. მცველის პიროვნების ფესვებიდან დაწყებული, როცა სამსახურში აგყავს, ადამიანის ყველაფერი გამოსაკვლევია. შემთხვევითი პირადი დამცველი დასაცავი ობიექტისთვის დამღუპველია. ჩინელები პირად მცველს ბუ სი დოს უწოდებენ. ბუ ნიშნავს იარაღის დამორჩილებას, სი - განსწავლულ ადამიანს, დო - სიკვდილის გზას. ზოგს ჰგონია პირადი დაცვა არის ფულის მოძიების საშუალება. პირად მცველს უნდა ჰქონდეს საკუთარი პრეტენზიები დასაცავი ობიექტის მიმართ. ყველა მოთხოვნა უნდა იყოს დაკმაყოფილებული, ეს მხოლოდ ხელფასში არ აისახება. ეს არის ყველა იმ საჭირო ღონისძიებების საწინააღმდეგო მოქმედებების გატარება წინასწარ, რაც შეიძლება დასაცავი ობიექტისთვის საზიანო იყოს. ეს არის ინფორმაციის მოპოვება, ვინ არის მტრულად განწყობილი დასაცავი ობიექტის მიმართ, რა გახდა მტრობის მიზეზი, შეიარაღება და ა.შ. მხოლოდ იარაღის ფლობა არ არის მთავარი პირადი მცველისთვის, ის განსაკუთრებულად ჭკვიანი უნდა იყოს. პირადი მცველი ძალიან ახლოს უნდა იცნობდეს დასაცავი ობიექტის ოჯახს და საახლობლო წრეს. უნდა იცოდეს ვინ მოდის მათთან, ვინ არის ნათესავი, ვინ სტუმრობთ ყავაზე და ა.შ. ეს პიროვნებებიც ზედმიწევნით კარგად უნდა შეისწავლოს. თუ განსაკუთრებული ინფორმაცია არ არსებობს, დაცვის უფროსს შეუძლია დარჩეს კაბინეტში, მართვის პულტთან და აკონტროლოს ყველაფერი. როცა მოახსენებენ, რომ ობიექტი ადგილზეა შეუძლია მოდუნდეს. ადამიანს სპეციალური განათლება უნდა ჰქონდეს გავლილი. დივერსიული უშიშროების სკოლები იყო, სადაც სპეციალურ სწავლებას გადიოდნენ. დაზვერვაში რჩეულთა რჩეულები ხვდებოდნენ და რჩებოდნენ. არსად წერია, რომ პირადმა მცველმა სიცოცხლე უნდა შესწიროს ობიექტს, ეს არის შენი პროფესიონალიზმი, თავიდან უნდა ააცილო მას სიცოცხლის ხელყოფა. იმ შემთხვევაში, როცა მარტო რჩებით შენ, ობიექტი და სიკვდილი, ამ შემთხვევაში უნდა გაწირო თავი. მცველს უფლება არ აქვს ერთი სიტყვაც კი წამოსცდეს თუნდაც საკუთარ თავთან. ის ვინც ტლიკინაა, პირად მცველად არ გამოდგება. ასეთი საკუთარ თავსაც დაღუპავს და ობიექტსაც. მერე კი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. როცა მაღალჩინოსანის ცხოვრება ფატალურად სრულდება,  პროკურატურა ნიშნავს ძიებას და თუ გამოიკვეთა პატარა ნიშანი პირადი მცველის გაუფრთხილებლობისა, ის კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

- ხშირად ყოფილა საქართველოში ასეთი შემთხვევები?

- მე ზოგადად ვსაუბრობ და ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე. მე გახლდით პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურის უფროსი 1991-94 წლებში. უშიშროებას ეკუთვნოდა ეს სამსახური, მე-9 სამმართველო ერქვა. ჩვენ ვმუშაობდით იმ ინფორმაციის გაშიფრვაზე, რაც შემოდიოდა სამმართველოში. წარმოგიდგენიათ, რა რთული პერიოდი იყო ქვეყანაში მაშინ? ყველას იარაღი ჰქონდა და ნებისმიერი მიმართულებით ისროდა. თავს არ ვიქებ, მაგრამ ერთ პატარა შემთხვევასაც არ ჰქონია ადგილი ჩემი მუშაობის დროს, როცა პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგა. ერთხელ მივიღეთ ასეთი ინფორმაცია, რომ პანაშვიდზე, სადაც მივდიოდით ლიფტში ჩამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, ამიტომ ფეხით ავედით და შემდეგ მოხდა ლიფტის განაღმვა. დაგეგმილი იყო კიდევ ერთი ტერაქტი, იმ გზაზე, სადაც უნდა გაგვევლო, თითქოს საკაბელო ლუქი გაფუჭდა, რეალურად კი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდათ ჩამონტაჟებული, ჩავისვი პრეზიდენტი მანქანაში და საპირისპირო გზით, სანაპიროთი წავიყვანე სახლში. ერთხელ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ტროლეიბუსი გაფუჭდა გზაზე, სანამ არ გადავაყვანინე ტროლეიბუსი, მანამდე სახლში არ წავედით. ეს ინფორმაციები აქამდე არსად გახმაურებულა.

- ედუარდ შევარდნაძესთან მუშაობა ადვილი იყო?

- სულ ვკამათობდით, რადგან ის არ გვემორჩილებოდა. პირადი მცველი მანქანაში უნდა ჩაჯდეს მძღოლის გვერდით, მის უკან უნდა დაჯდეს მხოლოდ ობიექტი. პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი თვისება, ჩაჯდებოდა მანქანაში და გვერდით მოისვამდა პარლამენტის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს. პირადი მცველის მოვალეობა სროლა არ არის. თუ შეატყობ, რომ მოძრაობის დროს არის საფრთხე, მცველი ბრუნდება უკან, ობიექტს უნდა მოკიდოს ხელი, დააწვინოს უკან სავარძელზე, ტანით გადაეფაროს. ცეცხლი კი სხვა მანქანებიდან უნდა გახსნან. როცა გვერდით ვიღაც უზის, სად უნდა დააწვინო? სულ ამაზე ვკამათობდით. არის დაცვა, პირადი დაცვა და პერიმეტრის დაცვა. პერიმეტრის დაცვის შემადგენელი ნაწილია სნაიპერები, რომლებიც თუ შეატყობენ საფრთხეს, უნდა აარიდონ ობიექტს. როცა მოედანზე, მინდორში, ქალაქში ან ტყეში მიდიხარ შეხვედრაზე, ყველა საფრთხე წინასწარ უნდა გათვალო, დაათვალიერო და შეამოწმო. ამას აკეთებს ე.წ. ოტო, მერე მიდის ექიმი, რომელიც სინჯავს საჭმელს, მოწამლული ხომ არ არის. ამ ყველაფერს პირადი დაცვა აკონტროლებს. ქვეყნის პირველმა პირმა ცალკე ლიფტით უნდა ისარგებლოს, პრეზიდენტს თავისი ლიფტი ჰქონდა იმელის შენობაში, ერთ-ერთმა მთავრობის წევრმა გამოთქვა პრეტენზია, რომ თავადაცე სარგებლა ამ ლიფტით. კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი მე, თავად პრეზიდენტი კი ამბობდა, რა მოხდა სხვამაც ისარგებლოს ამ ლიფტითო, ჩემი ხო არის ის ლიფტი, სხვაც ავიდეს და ჩავიდესო. ლიფტში, რომელიც პრეზიდენტს ემსახურება სხვა არ უნდა შევიდეს. რადგან მე რა ვიცი, ის რას ჩადებს ლიფტში? კიდევ ერთი საოცარი თვისება ჰქონდა, იმელის შენობასთან რომ გავაჩერებდით მანქანას, გადმოხტებოდა და სადაც ყველაზე ბევრი ხალხი იყო იქ შედიოდა.

- მძღოლს რა დატვირთვა აქვს იმის გარდა, რომ გადაადგილებაში დაეხმაროს?

- ფაქტობრივად მძღოლიც დაცვაა, ატარებს იარაღს, აქვს ჩინი და იგივე კურსები გავლილი. შევარდნაძის მეორე აფეთქებისას მძღოლმა დიდი როლი ითამაშა მის გადარჩენაში, პატარა მანევრი მაინც რომ გაეკეთებინა, მთელი ცეცხლი ერთ პიროვნებაზე წავიდოდა და ყველას მოკლავდნენ. მანდ გასათვალისწინებელი იყო, ის რომ წინასწარ უნდა მისულიყო იქ ოტოს თანამშრომლები. სახიფათო ადგილია, აქეთ პარკი, იქეთ ტყე. ერთხელ იყო შემთხვევა თითქოს ტროლეიბუსი გაფუჭდა და გაჩერდა იქ, სანამ არ გადავატანინე ტროლეიბუსი იქედან, რაღაც მიზეზები მოვიგონე, შევარდნაძე სახლში არ წავიყვანე. ადრე ძველ მანქანებს ტოვებდნენ ასეთ ადგილზე, ახლა გააჩნია რომელ პიროვნებაზეა საუბარი, შეიძლება ძვირადღირებული მანქანა დატოვონ იმ ადგილზე, სადაც ესკორტმა უნდა გაიაროს, ჩადონ ტროტილი და როგორც კი გაივლის, ესკორტი აფეთქდება. ესკორტმა ისე უნდა გაიაროს სხვას ხელი არ უნდა შეუშალოს, ედუარდი სულ გვეუბნებოდა, დაანებეთ თავი ამ გზების გადაკეტვასო და მაგაზე ვერ ვეწინააღმდეგებოდი. სადაც გზაჯვარედინია, იქ უნდა იდგეს შსს-ს ან უშიშროების თანამშრომელი, როცა გადიხარ ვინმე რომ არ გადმოვიდეს გზაზე.

- სულ რამდენი კაცი ჰყავდა დაცვაში?

- სამმართველოში სულ 320 კაცი მუშაობდა, დამლაგებლების ჩათვლით. პირად დაცვაში კი 10 კაცი იყო. ჰყავდა ძველი შავი ვოლგა და ორი 07, სირენაც კი არ ეყენა. ხშირად ძრავი უფუჭდებოდა ამ მანქანებს, ზოგჯერ არ იქოქებოდა და დილის 7 საათზე დააგორებდნენ ბიჭები, მერე ისევ ზევით აჰყავდათ ხელით და იყო ერთი ამბავი. ვეუბნებოდი ავტოფარეხში ერთი ახალი ვოლგა რომ გვყავს, იმით ვისარგებლოთ-თქო, რაზეც მპასუხობდა, ხალხი პურის რიგში დგას და მე ახალ მანქანაში რომ ჩავჯდე, რას იტყვიანო. გვიყურა ამერიკამ და გერმანიამ და მერე მისცეს ბრონირებული, "ნისანის" მარკის ავტომობილი, კიდევ კარგი ტერაქტის დროს სწორედ იმ მანქანაში იჯდა. "ვოლგით" რომ ყოფილიყო რა გადაარჩენდა? ქვეყნის იმიჯია მაღალი თანამდებობის პირი კარგი სათანადო ავტომობილით რომ გადაადგილდება, შეხვედრაზე "ვოლგით, რომ მიხვალ ვინ ჩადებს ინვესტიციას შენს ქვეყანაში? თანამედროვე ესკორტის ავტომობილები ბრონირებულია და უსაფრთხოების ყველა დეტალი დაცულია. ფრინველმა რომ გაიფრინოს მაგასაც აფიქსირებს.

- კიდევ რა სისტემები დაემატა დღეს დაცვას?

- განვითარდა ბევრი დეტალი, მაგრამ სნაიპერი შეუცვლელია. ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში, როცა სააკაშვილი ოპოზიციაში წავიდა, მისი დაცვის უფროსი იყო გოგი თათუხაშვილი, მაშინ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ვმუშაობდი, გოგიც დამემოწმება და იტყვის, რომ დაცვის პოლიციაში გაფორმებული შეიარაღებული პირები იცავდნენ სააკაშვილს, ბურჯანაძეს და ჟვანიას. ეს კანონით იყო გათვალისწინებული და დღემდე მოქმედებს ეს კანონი, მაგრამ სააკაშვილისთვის რომ გვეთხოვა ოქტომბრის არჩევნების წინ მსგავსი ტიპის დახმარება, უარს გვეტყოდა, დაგვიჭერდნენ და ა.შ.

- პირველი პირის ოჯახის წევრებს ვინ იცავს?

- მეუღლეები და შვილები დაცვის განსაკუთრებული ობიექტები არიან. მათ როგორც წესი ქალები იცავდნენ, ვისაც გავლილი ჰქონდათ შესაბამისი სკოლა. შესაბამისი წიგნიც გვაქვს გამოცემული, სადაც წერია: ქალები ადვილად ებმებიან მოწინააღმდეგის მიმართ დადგმულ სასიყვარულო ინტრიგებში, ქალის გადაბირება იოლია. რადგან ყველა ქალში არის დედა. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია დაცვაში მისაღებად. მათი ფიზიკური მომზადება სუსტია. შედარებით მცირე მოცულობის გულის გამო 10 პროცენტით ნაკლები აქვთ სისხლის გამტარობა, თანაბარი წონის შემთხვევაში, მამაკაცთან შედარებით, ქალს აქვს 20 პროცენტით ნაკლები სისხლის რაოდენობა, ქალის ორგანიზმში შედარებით მცირე რაოდენობითაა ჟანგბადის მატარებელი პროტეინები და ათი პროცენტით ნაკლები სიცოცხლისუნარიანობა აქვთ. ქალებს თანაბარი წონის შემთხვევაში აქვთ ათი პროცენტით მეტი ცხიმი. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, როცა ქალი აჰყავთ ასეთ სამსახურში. ქალს ეშმაკობა უფრო მეტი აქვთ, მისი ეს ნიჭი და ალღო შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო. შეიძლება დადგმული სასიყვარულო ინტრიგებით აქეთ გადაარჩინოს მოწინააღმდეგე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ