აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ამერიკის ბრძოლა არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. როგორც თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ბარაქ ობამამ აღნიშნა, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და ხაზი გაუსვა, რომ ამ ბრძოლაში აშშ-ის მხარდაჭერას უცხადებენ არაბული ქვეყნები - საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, იორდანია, ბაჰრეინი და ყატარი.
"ვამაყობთ, რომ ამ ქვეყნებთან ერთად მხარდამხარ ვდგავართ", - აღნიშნა ბარაქ ობამამ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის განცხადებით კი, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას 50-ზე მეტი ქვეყანა დათანხმდა.
ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერის, ადმირალ ჯონ კირბის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას წლები დასჭირდება. გუშინ აშშ-მ და მისმა არაბმა მოკავშირეებმა პირველი ავიაშეტევა განხორციელეს სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" წინააღმდეგ. "ბიბისი"-ს ცნობით, აქტივისტთა განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" სულ მცირე 70 "ბოევიკი" და "ალ ქაიდასთან" დაკავშირებული 50 მებრძოლი დაიღუპა თავდასხმების შედეგად.