ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძეს განცხადებით, უკანონო აბორტებზე გამკაცრებული სანქციები დანაშაულის სიმძიმის შესაბამისია.
უკანონო აბორტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
დეპუტატის ცნობით, 2012 წელს აბორტების საერთო რაოდენობის მხრივ 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა, რაც მხოლოდ რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებელია. მისივე თქმით, არ არსებობს არარეგისტრირებული აბორტების ამსახველი მონაცემები. სავარაუდო გათვალებით კი, დღეში დაახლობით 100-150 აბორტი კეთდება. როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკანონო აბორტებთან დაკავშირებით ისეთი ლიბერალური დამოკიდებულება, რაც საქართველოშია, არც ერთ ევროპულ ქვეყნაში არ არსებობს. მან ევროპული სახელმწიფოები დაასახელა, სადაც უკანონო აბორტის გაკეთებაზე სასჯელი სულ მცირე ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
ცნობითვის, ჯერ კიდევ მოქმედი "სისხლის სამართლის კოდექსით" უკანონო აბორტი ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით – 100-დან 240 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1-დან 2-წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებული პირის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3-წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3-წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე. უკანონო აბორტი, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5-წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.
დეპუტატების დიმიტრი ხუნდაძის და მირიან წიკლაურის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით კი, უკანონო აბორტი დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 300-საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 2-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.
ასევე მკაცრდება ნორმები იმ შეთხვევებში, როცა უკანონო აბორტმა გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.
კანონპროექტი სასჯელის ფორმად ჯარიმას აღარ ითვალისწინებს.
ამასთან, აბორტების თემაზე პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი ნორმა მიიღო, რომლის მიხედვით, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე 3-დღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი 5-დღემდე გაიზარდა.