ფული მხოლოდ უფროსების პრობლემა არაა - ბავშვსაც სჭირდება ჯიბის ფული თავისი ბავშვური სურვილების დასაკმაყოფილებლად. ბევრი მშობელი აძლევს კიდეც შვილს სახარჯო თანხას, მაგრამ ზომიერების დაცვა ამ საკითხშიც ბევრს უჭირს.
უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს ჯიბის ფული, რომელი ასაკიდან ღირს ამის გაკეთება, რამდენად სწორი საქციელია კარგი ნიშნებისთვის ფულის ჩუქება - ამ საკითხებზე მშობლებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. ჯიბის ფულის დანიშვნის სასარგებლოდ, როგორც წესი, ასეთ არგუმენტებს ვისმენთ:
1. თავიდანვე ისწავლის, როგორ აკონტროლოს ხარჯები და საკუთარ შეცდომებზეც ისწავლის. ბავშვობისას განცდილი დანაკარგი აიძულებს, მეტად დაფიქრდეს, სანამ ფულს გაფლანგავს, ეს კი მოზრდილობაში სერიოზულ ფინანსურ შეცდომებს ააცილებს თავიდან.
2. თავს სრულფასოვნად იგრძნობს. როცა მის ირგვლივ ფული ყველას აქვს - მშობლებს, უფროს ძმას, ეზოში ბავშვებს - მასაც უჩნდება ამის მოთხოვნილება.