"ჰერეთობა 2014"-ზე მოწვეული სტუმრების გასამასპინძლებლად ლაგოდეხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს სუფრა 50 სტუმარზე დღის ბოლოს გაიშლება და მას სავარაუდოდ, ჯანდაცვის, ეკონომიკის, იუსტიციის და კულტურის მინისტრები დაესწრებიან.
როგორც ლაგოდეხის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი, თამაზ ღონღაძე აცხადებს, ღონისძიება მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს.
"ახლა ქართული მენტალიტეტი ისეა, რომ სუფრასთან წყდება ძირითადი საკითხები. იქ, რომ კაცს გადააკვრევინებ ერთ სამ ჭიქას, მერე რაღაცას წამოაცდევინებ", - განაცხადა თამაზ ღონღაძემ.