უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან მძიმე შეიარაღების გამოყვანისთვის მზადება დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სპიკერმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას დატოვებს მძიმე ტექნიკა, თუმცა უკრაინელი სამხედროები კვლავ საკუთარ პოზიციებზე რჩებიან.
ანდრეი ლისენკომ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ტექნიკის გაყვანა დაიწყეს ტერორისტებმაც, თუმცა არა ისე მასობრივად, როგორც ამას უკრაინული მხარე მოელოდა. 19 სექტემბერს, მინსკში საკონტაქტო ჯგუფმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მხარეების მიერ მძიმე ტექნიკის სულ მცირე 15 კმ-ით გაყვანას ითვალისწინებს.