21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

21 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური იყო. 2013 წლის დეკემბერში მოკლული 21 წლის ჯემალ შელიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

როგორც შელიას ახლობლებმა აღნიშნეს, მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებულები გათავისუფლდნენ. 21 წლის ჯემალ შელიას მკვლელობაში ბრალდებულები იყვნენ კახაბერ წურწუმია, ტარიელ წურწუმია, აკაკი გვასალია და ზურაბ წურწუმია. ახლობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული ტარიელ წურწუმია ამნისტირებული იყო და იგი სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა.

ახლობლების ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ერთმანეთის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. რაც შეეხება შემთხვევას, მკვლელობა გასული წლის 24 დეკემბერს, გლდანის მეორე მიკრორაიონში მოხდა. ჯემალ შელიას ახლობლების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელიას მეგობრის დედა ვაჭრობდა, რა დროსაც ძმებმა წურწუმიებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამას მოჰყვა მათი მხრიდან გამყიდველის შვილისა და მეგობრის გამოსარჩლება.

"წურწუმიებმა ამ დაპირისპირების დროს სასტიკად სცემეს ახალგაზრდები. ამ ჩხუბის დროს ჯემალ შელია მივიდა და შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. თუმცა იგი სასტიკად სცემეს თავის არეში, რის შემდეგაც გარდაიცვალა, - განაცხადეს ახლობლებმა.

ჯემალ შელიას დედა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს მას დაუკავშირდა ერთ-ერთი ბრალდებულის ცოლი და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ესაუბრა.

"მკვლელის ცოლმა შემომითვალა, რომ ისეთი კაცი გვყავს, ამათ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენო. რა სამართალზეა საუბარი, როდესაც 21 წლის შვილი მომიკლეს და მკვლელები დარბაზიდან გაათავისუფლეს", - განაცხადა ირა ფიფიამ.

ახლობლების ინფორმაციით, ჯემალ შელია სიონში სტიქაროსანი იყო. სასამართლოს ეზოში გარდაცვლილის ახლობლების მხრიდან საპროტესტო გამოსვლები ამ დროისთვის შეწყდა. ვითარების განმუხტვაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სასამართლოს მანდატური ჩაერთო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ