ძლიერმა წვიმამ ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს ზიანი მიაყენა. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი, დატბორილია ბათუმის რამდენიმე უბანი.
რეგიონში შექმნილი ვითარება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მინისტრებთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად შეაჯამა. როგორც არჩილ ხაბაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქობულეთს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია, უამინდობის გამო კი ბათუმში გათიშულია 7 000 აბონენტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დენი არ მიეწოდება 1790 აბონენტს.
მისივე თქმით, გადაუღებელი წვიმების გამო ვერ ხერხდება სამუშაო ჯგუფების მიერ შესაბამისი სამუშაოების შესრულება და გამოდარებისთანავე სპეციალისტები ელექტროენერგიის აღდგენას დაიწყებენ.
როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, ამ დროისათვის ბათუმში წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის აბონენტებს - ე.წ ბენზეს, ბონის, გოროდოკისა და ბარცხანის დასახლებებს, რადგან წყლის სათავე-ნაგებობებში წყალი ამღვრეულია და სარეზერვო ფონდიდან წყლით მარაგდება ქალაქის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი.
"უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ბათუმის ჭაობისა, ბონი-გოროდოკის, აღმაშენებლისა და მახინჯაურის დასახლებებში მდებარე საცხოვრებელი სახლები, ასევე, დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩები. გამოდარებისთანავე მოხდება ქალაქის ქუჩებისა და სახლების სარდაფების წყლისგან გათავისუფლება. გუშინ დაფიქსირდა მეწყერული მოვლენებიც. ბათუმში მთისძირის ქუჩაზე მეწყერმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაგრამ სამაშველო სამსახურის მიერ დროულად მოხდა მისი გამოყვანა. ქობულეთში, სოფელ ხალაში მეწყერი ჩამოწვა და ქარცივაძეების ოჯახში სახლის კედელი დააზიანა. ოჯახი დროებით ნათესავებთან არის გადაყვანილი. ხელვაჩაურში, ზედა სამებაში, მეშვიდე რაიონსა და ჩაქვისთავში გზაზე ჩამოწვა მეწყერი, ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩაისუბანში ხიდია ჩავარდნილი და ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა. მძიმე ვითარებაა ორთაბათუმის თემში, ახალშენში, მახინჯაურსა და სარფში. წყალი შეუვარდა მოსახლეობას, იყო მეწყერული მოვლენები. გზა არის გადაკეტილი ახალშენში ე.წ. ტაშხანას მიმართულებით, მუნიციპალიტეტის ტექნიკა მობილიზებულია და გზა იწმინდება. რეგიონის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულება შეუფერხებლად ფუნქციონირებს. არ არის დაზიანებული არც ერთი სკოლა, შესაბამისად, ხვალიდან ყველა მათგანში განახლდება სწავლის პროცესი", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გუშინ ღამით ძლიერი წვიმა და 4 -ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. როგორც არჩილ ხაბაძემ განმარტა, სინოპტიკოსების ცნობით, დღეს ისევ წვიმაა მოსალოდნელი, საღამოს 4 საათისვის გამოიდარებს, ღამით ისევ იწვიმებს, მაგრამ ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. "სწრაფი რეაგირების ჯგუფები ბათუმსა და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. ამჟამადაც მობილიზებულია ბათუმის მერიისა და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტი, შსს-ს სამაშველო დეპარტამენტი, სამაშველო სააგენტო, საპატრულო სამსახურები, პოლიციის დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო სამსახურები. მთავრობაში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და დაითვლის ზარალს. ასევე ბათუმის მერიასა და მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი 27 20 06, 27 26 06, 27 26 25. აქ შემოსულ ზარებზეც მოხდება დროული რეაგირება", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
"ისეთი უხვი ნალექი, როგორიც ახლა გვაქვს, ბათუმში 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბათუმს სჩვევია უხვი ნალექი, მაგრამ ამჯერად ქალაქში მძიმე სიტუაციაა. მერის განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლში მიმდინარეობს საგანგებო სხდომა, სადაც სტიქიის შედეგები განიხილება.
"ამ წუთებში მძიმე სიტუაცია გვაქვს, დილის 05:00 საათისთვის შედარებით სტაბილური იყო მდგომარეობა, მაგრამ კვლავ უხვი ნალექი მოვიდა და ე. წ. "ჭაობის" და ბონი-გოროდოკის დასახლებები, ასევე მაიაკოვსკის, ლერმონტოვის, 26 მაისის ქუჩები დატბორილია. სამაშველო ბრიგადები, მერიის სახანძრო სამსახური და სხვა შესაბამისი სამსახურები ერთობლივად მუშაობენ. დატბორილი ადგილების ამოტუმბვას ვცდილობთ. სასწრაფო დახმარების მაღალი გამავლობის ავტომობილები გვყავს მობილიზებული და ამ მხრივ პრობლემა არ გვექმნება", - აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.
მისივე განმარტებით, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული მონაცემები, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ ქალაქს. მერის თქმით, ზარალი ორ ნაწილად გაიყოფა და მოსახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზიანი ცალ-ცალკე დაითვლება.
ბათუმში მეორე დღეა კოკისპირულად წვიმს. დატბორილია ბათუმის ქუჩები და უბნები. მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ მთავრობას სთხოვს.