მე ამ დარტყმებს ემოციურად უნდა გავუძლო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
ქვეყნის პირველი პირი მისი მისამართით მთავრობის ზოგიერთი წევრის კრიტიკულ განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ "თქვას ბოლოს და ბოლოს, რა უნდა" და მათ შეახსენა, რომ ხელისუფლებაში მყოფი თანამდებობის პირების მიზანი ოპოზიციაში გადასვლა არაა.
"დემოკრატია რთულია, დემოკრატიის სწავლა რთულია, ხელისუფლების ბალანსის შექმნა რთულია, მით უმეტეს, როცა ეს ხდება რთულ ქვეყანაში. შესაბამისად, ეს სირთულე, ალბათ, მე უნდა გადავიტანო. ამ დარტყმებს, ემოციურად მე უნდა გავუძლო, მაგრამ ხელისუფლება უნდა წავიყვანოთ იქით, რომ პრეზიდენტი ეხმარებოდეს და აძლიერებდეს თითოეულ შტოს. იყო მცდელობა რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ, გვარს არ დავასახელებ, რომ რაღაცნაირად მიბიძგონ და გამოვკვეთო პოლიტიკური დაპირისპირება. მაგრამ პატივცემულო პოლიტიკოსებო, კლასიკაა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მიზანია, ხელისუფლებაში მოსვლა და ხელისუფლების მიზანია, ხელისუფლების შენარჩუნება. ეს არის ანა-ბანა პოლიტიკის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ ის ყველაზე დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგად 62 %-ით არჩეული პრეზიდენტია.
შეკითხვის პასუხად, რამდენად მოსალოდნელია მისი ოპოზიციაში გადასვლა,- მარგველაშვილმა განმარტა, რომ ერთადერთი, ვისთანაც ის ოპოზიციაში შეიძლება წავიდეს, საქართველოა, რაც წარმოუდგენლად მიაჩნია.
"მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი. მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ვისთან უნდა წავიდე ოპოზიციაში?! ერთადერთი, ვისთანაც მე შემიძლია დავდგე ოპოზიციაში, ესაა ჩემი სამშობლო და რატომ უნდა დავდგე მე საქართველოსთან ოპოზიციაში?! მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ჩემი მოვალეობაა, რომ ვემსახურო ამ ქვეყანას და ხალხს იმ მანდატის ფარგლებში, რომელსაც მანიჭებს კონსტიტუცია", - განაცხადა მარგველაშვილმა.
დაგაინტერესებთ: | მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ვალდებული ვარ ხალხის წინაშე -გიორგი მარგველაშვილი