ბოდიბილდერმა ია უძილაურმა, რამდენიმე თვის წინ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და მკერდი გაიდიდა. მისი კვების, დღის რეჟიმი ისეა აწყობილი, რომ მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდეს. თავისი გარეგნობით კმაყოფილია და ფოტოკამერების წინ თამამად პოზირებს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში განთავსებულმა მისმა სურათებმა ყურადღება მიიქცია. ია გვპირდება, რომ ოქტომბერში კიდევ ერთხელ აალაპარაკებს ხალხს, როცა თავის საყვარელ მამაკაცს გამოაჩენს. ამის შესახებ ბოდიბილდერი ჟურნალ ”სარკესთან” ინტერვიუში აცხადებს. შეგახსენებთ, რომ ია შოუმენ ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლია. მათ საერთო შვილი ჰყავთ. ambebi.ge ”სარკესთან” იას ინტერვიუს ფრაგმენტს გთავაზობთ.
- რამდენიმე ხნის წინ მკერდი გაიდიდეთ. ეს ნაბიჯი რამ გადაგადგმევინათ, არ მოგწონდათ თქვენი ბუნებრივი ფორმა?
- მკერდი მართლაც გავიდიდე - 1 ზომა მქონდა და ახლა 3 ზომა მაქვს. ჩემი პროფესიის გამო დამჭირდა, რადგან არსებობს სტანდარტები. როცა ვარჯიშობ და წონაში იკლებ, მკერდიც პატარავდება. შესაბამისად, ეს ოპერაცია მჭირდებოდა. საკუთარი სურვილით კი ცხვირის ოპერაციის გაკეთებაზე ვფიქრობ, მით უმეტეს, რომ გატეხილი მაქვს და ქირურგიული ჩარევა მჭირდება, მაგრამ მაინც ვერ ვრისკავ, რადგან არ ვიცი, რამდენად ბუნებრივ შედეგს მივიღებ.
- თქვენს სპორტულ მიღწევებში რა სიახლეებია?
- აქტიურად ვვარჯიშობ. ოქტომბერში საქართველოს ჩემპიონატი იქნება, მანამდე კი ნორვეგიაში მივდივარ საერთაშორისო ღია ტურნირზე, სადაც საქართველოს სახელით გამოვდივარ ფიტნესის განხრით.
- ცოტა ხნის წინ საკმაოდ თამამი ფოტოები გავრცელდა ინტერნეტში, რა რეაქცია მიიღეთ?
- არ მეგონა, ამ ფოტოსესიას ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. სურათები პორტფელიოსთვის მჭირდებოდა, შეჯიბრებებზე გასვლის წინ უნდა გადავიღო ხოლმე, რომ აისახოს, რა ფორმაში ვარ. ფოტოგრაფმა საქმიან ფოტოებთან ერთად თავისი ხედვით რამდენიმე მხატვრული სურათიც გადამიღო. ის ფოტოები თავის საიტზე დადო და უცებ ინტერესის ქვეშ აღმოჩნდა. სურათები ძალიან მომეწონა.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თხოვდებით, ეს სიმართლეა?
- ცოტა არასწორი ინფორმაციაა. შესაძლოა, ადამიანებმა შენიშნეს, რომ კონკრეტული ადამიანი გამოჩნდა ჩემს პირად ცხოვრებაში, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული ნაბიჯის გადადგმას არ ვგეგმავ, თუმცა ოქტომბრიდან სიურპრიზი ელის საზოგადოებას. ჯერ ვერ ვიტყვი, რას ვგულისხმობ, მაგრამ ვინ არის ჩემ გვერდით, გამოჩნდება.