დათუნა სულიკაშვილი ცოტა ხნის წინ ყურადღების ცენტრში არადიზაინერული თემით მოხვდა. დიზაინერი საღამოს პატრულმა გააჩერა და უხეშად მიმართა. დათუნამ მომხდარი სოციალური ქსელით საჯარო გახადა, რაც საინფორმაციო გამოშვებებში ერთ-ერთ პირველ თემად იქცა.
- დათუნა, პოლიციასთან მომხდარი ინციდენტის გამო შიშის გრძნობა დაგეუფლა?
- ერთი წამითაც არ შემშინებია და არ მიფიქრია, რომ რამე ცუდი შეიძლებოდა დამმართვოდა. ჩემს ცხოვრებაში, რაც სამოდელო სფეროში დავიწყე საქმიანობა და რაც სოციალურ ქსელში დავრეგისტრირდი, არ გამიკეთებია პოლიტიკური განცხადება და არც რომელიმე მიტინგზე გამოვსულვარ. პოლიტიკა არასდროს მაინტერესებდა. რატომ უნდა შემშინებოდა? ჩემს ცხოვრებაში არ მქონია ნარკოტიკსა და კრიმინალთან შეხება.
- ბავშვობაში ხულიგნობის გამოც არ დაუკავებიხარ პოლიციას?
- არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა. ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ პოლიციელი, ვისი იმედიც ხალხს უნდა ჰქონდეს, მანქანას ხელს ჰკრავს. შენი მეგობრის დეიდას აყენებს შეურაცხყოფას, ქალოთი მიმართავს. მე კი მეუბნება, წადი, რძე დალიეო. ამის უფლება არავის აქვს, განსაკუთრებით პოლიციელს. როდესაც პოლიციასთან შეხება არასდროს გქონია და პირველივე ჯერზე ასეთს ხვდები, ყველა პოლიციელის მიმართ აგრესია გიჩნდება. ასეთები კარგ პოლიციელ თანამშრომლებსაც ცუდ იმიჯს უქმნიან. მსგავს შემთხვევებზე არავინ არ უნდა გავჩუმდეთ. ჩემი აზრით, არც ერთ სფეროში არ უნდა მუშაობდნენ გაუნათლებელი ადამიანები. იმ პოლიციელს კანონები რომ სცოდნოდა, ასე არ მოიქცეოდა. უდანაშაულო ოთხ ადამიანს შეურაცხყოფა მოგვაყენა. გასაგებია, კრიმინალი რომ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა, ხელები გადაეგრიხათ და ძირსაც დავეწვინე, მაგრამ თავიდანვე აგრესია რომ წამოვა, მათი იმედი საერთოდ მეკარგება.
შემხვედრია თავაზიანი პოლიციელიც. გამივლია წითელზე ან არასწორად გამიჩერებია მანქანა, მაგრამ ყოველთვის ნორმალურად მოუმართავთ. ხომ არის განსხვავება, თუ შეიძლება, წყალი დამალევინესა და მიდი, წყალი დამალევინეს შორის? პოლიციელს თავაზიანად რომ ეთქვა, თუ შეიძლება, თქვენს მანქანას შევამოწმებო, უპრობლემოდ გააკეთებდა ამას. არ ვარ რეიდების წინააღმდეგი, რადგან ბოლო დროს ბევრი ძალადობა ხდება. მაგრამ ეს ყველაფერი ძალადობით არ უნდა ხდებოდეს.
- როგორ აისახა ეს ამბავი შენს განწყობაზე? როგორც ვხედავ, ძველებურად მუშაობ.
- გვიანი იყო, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ სამსახურში წამოვედი და გავაგრძელე მუშაობა. ჩემი შემოქმედებისთვის ამ ამბავს ხელი არ შეუშლია. ვემზადები პარიზში ჩემი ნამუშევრების გასაგზავნად.
- პარიზში რომელიმე ჩვენებაზე მიემგზავრები?
- სოფო ჭყონია რამდენიმე წელია, აკეთებს ღონისძიებას `არტ ჯორჯია~. ცდილობს, გააპიაროს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები დიზაინერები. მის შრომას მოჰყვა ის შედეგი, რომ სექტემბრის ბოლოს გაიმართება ჩვენებები, სადაც არა მარტო ქართველი, არამედ სხვა ქვეყნის დიზაინერები წარდგებიან. იქ მთელი მსოფლიოდან მოიყრიან თავს ბაიერები. იქნება დიდი შეკვეთები. ყველა დიზაინერს უნდა, მისი სამოსი სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მაღაზიაში გაიყიდოს.
- საქართველოშიც ძალიან აქტუალურია შენი სამოსი. ბევრი ქალბატონი აკეთებს შენს კაბებზე არჩევანს. გამოვარჩევდი მაკა ჩიჩუას, რომელსაც შენი დიზაინით შექმნილი ძალიან ბევრი კაბა აქვს. ინაუგურაციაზეც შენი კაბა ეცვა. დიდი ხანია, მეგობრობთ და გენდობა, როგორც დიზაინერს?
- ვფიქრობ, მაკა ჩიჩუას უნდა ჰკითხოთ, რატომ გააკეთა ჩემს შეკერილ კაბებზე არჩევანი. ახლო ურთიერთობა მე და მაკას არ გვქონია, თუმცა შორიდან ვიცნობდი. ინაუგურაციის დროს დავმეგობრდით. დამირეკა და მითხრა, რომ უნდოდა, ჩემთან კაბა შეეკერა. ზოგადად, ინაუგურაციაზე კაბას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ყველა დეტალს თავისი დატვირთვა უნდა ჰქონდეს. კაბის ფერებს დიდი ყურადღება ექცევა. თუ გახსოვთ, ბარაკ ობამას მეუღლეს ყვითელი კაბა ეცვა და ამის გამო ძალიან გააკრიტიკეს. ამ დროს იმ კაბას თავისი დატვირთვა ჰქონდა. მზის სხივის ფერი იყო. მზე, როგორც მოგეხსენებათ, იმედის სიმბოლოა.
- მაკა ჩიჩუას კაბის ფერზე დიდხანს იფიქრე?
- მაკას ინაუგურაციაზე ზღვისფერი კაბა და შავი პიჯაკი ეცვა. ზღვა ყველაზე ძლიერი ძალაა, უსაზღვრო სივრცის სიმბოლოა. შავი კი - ელეგანტურობის სიმბოლო. მიხარია, რომ ამ კაბის გამო კრიტიკა არ დამიმსახურებია და ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე.
- მაკა ჩიჩუა ერთადერთი ქალბატონი იყო, რომელმაც ქართველ დიზაინერზე გააკეთა არჩევანი.
- ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე სწორი არჩევანი იყო. არ ვაკრიტიკებ სხვებს, რომლებმაც არჩევანი სხვა ქვეყნის დიზაინერებზე გააკეთეს. ანუკი არეშიძეს ინაუგურაციის შემდეგ გამართულ საღამოზე თავისივე კოლექციიდან ეცვა კაბა და ეს ძალიან მისაღებია. ინაუგუ-რაციაზე შენს ქვეყანას წარმოადგენ და არაა სწორი, როდესაც შენი ქვეყნის წარდგენის დროს გაცვია იტალიელის, ფრანგის ან რომელიმე სხვა ქვეყნის დიზაინერის სამოსი. ასეთ წესებს პოლიტიკოსები ყოველთვის უნდა იცავდნენ და არა მარტო პოლიტიკოსები. სადაც შენს ქვეყანას წარადგენ, აუცილებელია, შენი ქვეყნის დიზაინერის სამოსი გეცვას.