ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" მომხმარებელმა თამარ ქალდანმა, საკუთარ გვერდზე დადო ფოტო, სადაც აღბეჭდილია თბილისის უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლაში მისასვლელი კარი, რომელიც რატომღაც შედუღებულია. როგორც აღმოჩნდა, კარის შედუღება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა გადაწყვეტილებით მომხდარა, რომელთაც "აღარ შეუძლიათ, ამ ბავშვების საცოდაობას უყურონ". ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ თამარს და კომენტარი ვთხოვეთ.
თამარ ქალდანი (მშობელი):
- ეს არის უნარშეზღუდული ბავშვების სკოლა, რომელიც მდებარეობს ბორჯომის N10-ში. ადრე ამ სკოლაში შესასვლელი იყო აღამაშენებლის გამზირიდანაც. კინომსახიობთა თეატრის პირდაპირ არის თაღი, ამის უკან არის კორპუსები და სწორედ აქედან იყო სკოლის მთავარი შემოსასვლელი. იქ მცხოვრები მოსახლეობა ადგა და კარები დაადუღა, მიზეზი - არ სურდათ ასეთი ბავშვების ყურება. ახლა კი უარყოფენ ამ მიზეზს, მაგრამ თავის დროზე სწორედ ამ მიზეზით დაუდუღებიათ კარი. ახლა მშობლებს გვიწევს ტუბდისპანსერის ეზოდან შემოსვლა, რაც სკოლამდე მისავლელ გზას საკმაოდ აგრძელებს, თანაც არ გვაქვს მანქანის შემოყვანის უფლება. სკოლის ხელმძღვანელობა შესაძლებელზე მეტსაც აკეთებს, რომ პრობლემები გადაგვიჭრას, მაგრამ გზა რომ შეგვიმოკლონ სკოლას ხომ არ გადმოიტანენ წინ?!
- ანუ უნარშეზღუდულ ბავშვებს პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მოსახლეობამ პრობლემები შეუქმნა?
- ამ ბავშვების უმეტესობა ვერ დადის, ვინც დადის იმათგანაც ზოგს დახმარება სჭირდება და ა.შ. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია მშობლებისთვის. განსაკუთრებით დედებისთვის, რადგან მამები როდესაც ბავშვს მიიყვანენ მანქანით, მერე ეძებენ ადგილს პარკინგისთვის, დედები ცდილობენ რომ გაკვეთილზე არ დააგვიანონ და ეს ძალიან რთულია. ხშირად ბავშვების ხელში აყვანაა საჭირო და ეს ყველას არ შეუძლია.
- მოსახლეობას ჰქონდა უფლება რომ ეს კარები დაედუღებინათ და თქვენთვის მისავლელი მოესპოთ?
- რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ უფლება. ეს იყო მათი თვითნებური გადაწყვეტილება. თურმე ისინი წუხდებოდნენ უნარშეზღუდული ბავშვების ყურებით. თურმე იმითაც წუხდებოდნენ, რომ სკოლის თანამშრომლები კორპუსის ეზოში აჩერებდნენ მანქანას (არადა უზარმაზარი ეზო აქვს კორპუსს). ახლა სპეციალურად აყენებენ მანქანებს ეზოს შესასვლელში რომ სხვამ ვერ შეიყვანოს იქ მანქანა. არიან მშობლები, რომლებიც არ დადიან მანქანით, უწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და ძალიან იტანჯებიან. ელემენტარულად, პანდუსები არაა რომ ბავშვი აიყვანონ ტრანსპორტში. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ზრუნავს. ევროკავშირისკენ გვაქვს გეზი აღებული და იქ მსგავსი პრობლემები მშობლებს ნამდვილად არ ექმნებათ. ყველა ცდილობს, რომ უნარშეზღუდულ ბავშვებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი.