შოტლანდიაში ქვეყნის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას რეფერენდუმის მონაწილეთა 55,42%-მა დაუჭირა მხარი, შოტლანდიის დამოუკიდებლობას კი ხმა მისცა 44,58%-მა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
შოტლანდიის რეფერენდუმის პირველად შედეგებს უკვე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, რომლის განცხადებითაც, შოტლანდიელმა ხალხმა შეინარჩუნა გაერთიანებული სამეფოს ოთხი ერის ერთიანობა.
"შოტლანდიელებმა გამოხატეს თავიანთი ნება და რეფერენდუმის შედეგები უკვე ნათელია. მათ შეინარჩუნეს ჩვენი ქვეყანა, რომელიც ოთხი ერისგან შედგება და, მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად, მეც ბედნიერი ვარ", - განაცხადა დევიდ ქემერონმა.
თავის მხრივ, რეფერენდუმის შედეგები აღიარა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა და აღნიშნა, რომ იღებს შოტლანდიელი ხალხის გამოტანილ დემოკრატიულ ვერდიქტს. "სრულიად შოტლანდიას მოვუწოდებ, მომბაძოს და აღიაროს შოტლანდიელი ხალხის მიერ გამოხატული დემოკრატიული ნება. ამ ეტაპზე შოტლანდიამ უარი თქვა დამოუკიდებლობაზე. მიუხედავად ამისა, მადლობას ვუხდი იმ 1,6 მილიონ ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებლობას", - განაცხადა ალექს სალმონდმა. "ლეიბორისტების" ლიდერმა ედ მილიბენდმა კი, "ტვიტერზე" დაწერა - "გაერთიანებული სამეფო დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე ეს გუშინ იყო".
შოტლანდიის ხმის დამთვლელი ცენტრალური კომისიის მონაცემებით, ნაციონალისტებმა მხოლოდ ოთხ ოლქში მოიგეს რეფერენდუმი, მათ შორის გლაზგოში, სადაც რეფერენდუმში მონაწილეთა 53,5%-მა დადებითი პასუხი გასცა რეფერენდუმის შეკითხვას, 47%-მა კი - უარყოფითი.
ედინბურგის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებლობას - ედინბურგელთა 39%-მა ხმა მისცა დამოუკიდებლობას, 61%-მა - არა; აბერდინში დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა მონაწილეთა 41%-მა, წინააღმდეგი იყო - 59%, დანდიში რეფერენდუმის მონაწილეთა 57,35%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას, 42,65%-ი მიემხრო გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას.