მიშა გასიტაშვილი ჩვენს ქალაქში თმის ცნობილი სტილიტია, თუმცა ყოველი მისი წარდგენისას მახსენდება, რომ არ უყვარს, როდესაც სტილისტად მოიხსენიებენ, ამბობს, პარიკმახერი ვარ და წარდგენაც ყოველთვის ასე ურჩევნია.
მიშა თბილისში ცნობილი ქალბატონების თმის ოსტატია, საკუთარ იმიჯს თამამად ანდობენ. ისიც ცდილობს, თითოეულს შესაბამისი ვარცხნილობა მოარგოს...
ვინაიდან შემოდგომა დადგა, საინტერესოა, მოდა ამ მიმართულებით რა სიახლეებსა და ტენდენციებს გვთავაზობს და მიშასაც ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- ცხელი ზაფხული დასრულდა და დაიწყო შემოდგომა, რა რჩევების მიცემა შეგიძლია ქალბატონებისთვის. როგორ მოუარონ თმას?
- ჩემთვის ჩამოყალიბებული მაქვს ქალბატონების ორი ტიპი: ერთი - ქალი, რომელიც დიდი დროს საპარიკმახეროში ატარებს იმის გამო, რომ თავი მოიწესრიგოს, მაგრამ მათ უმრავლესობას, უცნაურია, რომ საკმაოდ ნეგატიური განწყობა აქვს, იმდენად ნეგატიური, რომ არაფერს შველის მთელი დღის განმავლობაში ჩატარებული თავის მოვლის პროცედურები; მეორე კატეგორიის ქალის ტიპს კი ის ქალბატონები განეკუთვნებიან, რომლებიც სახლში, უბრალოდ თავს დაიბანენ, გაიშრობენ, შეიკრავენ და იმდენად პოზიტიურები არიან, იმდენად კეთილგაწყობილები, ნათელი სახეებით, რომ ისინი მთელი დღის მოვლილ ქალბატონებს სჯობიან. ისე კი, ქალებს ვურჩევ, იყვნენ პოზიტიურები, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორი პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეთ, უნდა ეცადონ, რომ კოსმოსში მაინც პოზიტური განწყობა გაუშვან. რადგანაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, უამრავი პრობლემა მქონია, მაგრამ მაინც ყოველთვის რაღაცის მჯეროდა, იმედი მქონდა და სამყაროში პოზიტივს ვაგზავნიდი და ასევე მიბრუნდებოდა.
- თმის ვარცხნილობაში თანამედროვე, მოდურ ტენდენციებზე რას გვეტყვი?
- რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დიდი მნიშნელობა აქვს, მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი ის არის, ადამიანი ვარცხნილობას როგორც მოირგებს და მოიხდენს, ანუ ის არის თუ არა მისი. მე მოდურ ტენდენციებს არ მივყვები. უბრალოდ, მაქვს გემოვნება და იმაზე დაყრდნობით, ვქმნი სტილს. ამასთან, ყველა ქალი ხომ ინდივიდუალურია? მოკლედ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქალბატონები იყვნენ პოზიტიურები. სამყაროში კარგი ენერგია გაუშვან. დამიჯერეთ, ის სიკეთე უკან დაუბრუნდებათ...
- გასაგებია, რომ ყველა ქალი ინდივიდუალურია, მაგრამ საზაფხულო ვარცხნილობები საშემოდგომოდ ხომ არ ივარგებს?
- ჩემი მომხმარებლებლების უმრავლესობამ უკვე გაიმუქა თმა, აქამდე თუ ზღვისთვის და საზაფხულო სეზონისთვის გაღიავებული ჰქონდათ, უმეტესობა ცოტა "ჩამუქდა," უფრო ბუნებრივ ტონები შეარჩიეს. მყავს ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც მაგალითად, დაივარცხნიან თმას და მერე თმას შეიკრავენ, რადგანაც ასეთი სტილი აქვთ და მორჩა! თბილისის სილამაზის სალონებიდან ჩემთვის ყველაზე გემოვნებიანი და ისეთი, თანამედროვე მოდის ტენდენციებს რომ მიჰყვება და პროფესიონალი სტილისტებით არის დაკომპლექტებული - "დე სანჟეა", რომელიც სოფო ქორქიამ გახსნა. ამასთან, იქ ფრანგი ოსტატებიც არიან. ეგენი მოდური ტენდენციების გათვლისწინებით მუშაობენ, სეზონურად რაც საჭიროა, მომხამრებელს იმას სთავაზობენ. მე კი როგორც გითხარით, მაინც ინდივიდუალური პარიკმახერი ვარ, რომელიც ადამიანებს გარკვეული სტილის შერჩევაში ვეხმარები და თვითონაც მთავაზობენ საკუთარ იდეებს. მერე კი ერთობლივად ვქმნით ამა თუ იმ ვარცხნილობას.
- ანუ აღნიშნულ სალონს და იქ მომუშავე პერსონალს კონკურენტებად არ მიიჩნევ?
- არა, სხვა კლასია, ანუ ის, რაც მე მომწონს - ფრანგული სტილი. აღნიშნული სალონი კი მსოფლიოში მისაბაძი ბრენდია.
- ბევრი მომხმარებელი გყავს, მათ შორის ცნობილი ადამიანები: ჟურნალისტები, მომღერელები, მსახიობები... საშემოდგომოდ ალბათ ბევრმა უკვე მოგაკითხა და შესაბამისად ვარცხნილობებიც შეიცვალა.
- კი, მაგალითად, ცოტა ხანში ნინა წკრიალაშვილი ახალ ტელეარხზე - "მარაო რუსთავი 2" იწყებს მუშაობას, გადაცემა უნდა წაიყვანოს და უკვე იყო ჩემთან, ვარცხნილობა შეიცვალა, თმა ცოტათი დავუმოკლე და ოდნავ გავუღიავე. ჟურნალისტ ნინო თოლორდავას კი თმის ფერი გავუმუქე. ნანუკა ჟორჟოლიანმაც შეიცვალა ვარცხნილობა, თმა შეიჭრა. ინგა გრიგოლიასაც მისივე მოთხოვნით სტილი შევუცვალე: თმა მოკლედ შევჭერი. ვინაიდან ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს, პოლიტიკური თოქ-შოუ მიჰყავს და ახალი საეთერო ვარცხნილობაც ექნება. ქრისტინე იმედაძეს კი თმის ფერი გავუღიავე...
- ინგას ცოტა ხნის წინ ხომ კარე ჰქონდა შეჭრილი?
- სულ ადრე თმა გრძლად ჰქონდა, მერე ცოტა დავუმოკლე, კარე შევჭერი, ბევრს მოსწონდა ინგა იმ კარეში და მომხმარებლიდან ბევრი მთხოვდა, ჩვენც ისე გაგვიკეთეო. ახლა კი ახალი იმიჯი ექნება...
მოკლედ, ასეთი ლოზუნგი მაქვს: მე მოდას არ ვქმნი, არ ვარ პროფესიონალი პარიკმახერი, უბრალოდ, მომხმარებელთან ერთად, იქამდე მივდივარ, რომ ადამიანი იმიჯს იცვლის. მაგრამ თუ მომხმარებელი შევა ისეთ სალონში, რომელზეც ვილაპარაკე, სადაც უშუალოდ თანამედროვე ტენდენციები უნდა შესთავაზონ, ვალდებულები არიან, შესთავაზონ და თან, სერიოზულ თანხას იხდის ამაში, იქ მიშა პარიკმახერი კი არა, უკვე მაღალი კლასის პროფესიონალი ფრანგი სტლისტი უნდა დახვდეს...
ლალი ფაცია
სპეციალურად ''ambebi.ge-სთვის
იხილეთ ასევე: პოპულარული სტილისტი მიშა გასიტაშვილი და ცნობილი ქართველი ქალბატონები