მკითხველმა ambebi.ge-ს შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის შესახებ ემოციური წერილი გამოუგზავნა:
"1992 წლის 19 ივლისს 6 წლის გავხდი, სწორედ მაშინ მაჩუქა მამამ, ერთი შეხედვით, სქელი წიგნი, რომელსაც არცთუ ისე მიმზიდველი ყდა ჰქონდა და ზედ ეწერა - "ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი". დაახლოებით ერთი წელი ხელუხლებლად მედო წიგნი, მაგრამ როდესაც გადავშალე - სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა ჩემს წინაშე. დღემდე მესმის ის ზუზუნი, რომლითაც შემოფრინდა კარლსონიკო ჩემს ცხოვრებაში და თან მოიყოლა პეპი, ემილი, ჩორვენი, პელე, კალე ბლუმკვისტი, ძმები ლომგულები, რონია და სხვები.
სალტკროკა და სახურავი იყო ადგილები, სადაც ოცნებებში დიდ დროს ვატარებდი. რამდენჯერ მიწანწალია რასმუსთან ერთად... ემილი, რომ ქალაქის ბაზრობაზე მიდიოდა, მეც აუცილებლად მივყვებოდი ხოლმე.
კარლსონი და სალტკროკელი პელე ჩემი განუყრელი მეგობრები გახდნენ. პეპიზე ვეჭვიანობდი, რადგან ტომთან და ანიკასთან იყო ხშირად. ახალი სამყარო გამაცნო ასტრიდ ლინდგრენმა...
დღეს 28 წლის ვარ, მაგრამ ჩემი წიგნების თარო, რომელიც ჩემი სიამაყეა, სავსეა ლინდგრენის წიგნებით. მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როცა ჩემ შვილს უნდა წავაკითხო ლინდგრენი, ასე მგონია, რომ ამით ჩემ ბავშვობას დავიბრუნებ.
კარგად მახსოვს ერთხელ თვითმფრინავმა საკმაოდ დაბლა გადაიფრინა და მე ფანჯარა გავაღე, კარლსონი მეგონა. ჩემო კარლსონიკო, შენ რომ იცოდე, შენზე ნატვრაში რამდენჯერ ჩამძინებია, რომ იცოდე, როგორ გელოდი აუცილებლად მოხვიდოდი ერთხელ მაინც. შენი ბოტოტა თითებით გამიფუჭებდი სათამაშოებს, მაგრამ შენ ხომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი მექანიკოსი ხარ და გამიკეთებდი. მერე ერთად შევჭამდით გუფთას (რომელსაც მხოლოდ შენი ხათრით ვჭამდი), ბოლოს მურაბას დავაყოლებდით.
დღემდე გელოდები და თუ მოხვალ უბედნიერეს ადამინად მაქცევ, მაგრამ ჩემსავით მილიონობით ადამიანი გელოდება და რამდენს უნდა გაწვდე? თუმცა, მჯერა, რომ ერთხელ აუცილებლად მოხვალ! რამდენი რამე მაქვს შენთვის მოსაყოლი!
კარლსონის არსებობაში არასოდეს შემიტანია ეჭვი, მაშინაც კი, როცა იმ მომენტს ვკითხულობდი, სადაც ბიჭუნა ეხვეწება კარლსონს - ერთხელ ჩემ მშობლებს ეჩვენე, თორემ ლამის მეც აღარ მჯერა, რომ არსებობ! დღემდე მჯერა, რომ სტოკჰოლმის ერთი ლამაზი სახლის სახურავზე ცხოვრობს, ზის თავის ოთახში და ელოდება მფრინავ ძაღლებს, რომლებიც ისე ჰყავს აღზრდილი, რომ თუ დააგვიანეს, ურეკავენ და აფრთხილებენ.
მარტოსულიცაა გოდორა კრალსონი, დარდობს - საღამოობით სახლის წინ რომ ჩამოვჯდები, არავინ გამოივლის და - კარლსონს გაუმარჯოსო, არავინ მეუბნებაო. ბიჭუნა, ყველაზე ბედნიერი ბავშვი იყო ჩემ წარმოსახვაში - მას ჰყავდა ყველასთვის სანატრელი არსება...
ასტრიდ ლინდგერნი შვედი იყო, მაგრამ ის მთელ მსოფლიოს ეკუთვნოდა, მთელი მსოფლიოს პატარებს. ყველა პატარას საკუთარი ბებიასავით უყვარს ლინდგრენი. მახსოვს, ერთხელ წერილიც გავუგზავნე, რომელშიც ვთხოვდი, რომ ჩემთან ჩამოსულიყო, რადგან სურამში კარგი ჰაერია და მოუხდებოდა. ბავშვური გულწრფელობით მჯეროდა, რომ ჩამოვიდოდა, რატომღაც მეგონა, რომ მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი გმირებიც და მათ წამოყვანასც ვთხოვდი.
როგორ მოუხდებოდნენ სურამს... მართლა საოცარი წერის სტილი ქონდა ასტრიდ ლინდგრენს, ერთნაირად მისაღებად წერდა ყველა თაობისთვის, ალბათ იმიტომაცაა ყველასთვის საყვარელი მწერალი. ძალიან რთულია, გერქვას მწერალი, კიდევ უფრო რთული საბავშვო წიგნების წერაა. ფაქიზია ბავშვის სამყარო. რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ამ ფაქიზ სამყაროს გაულამაზებ ბავშვს და არამარტო ბავშვს... ღრმად მოხუცი გარდაიცვალა, მკითხევლის სიყვარული არასოდეს მოკლებია, სამაგიეროდ არც მკითხველს გვაკლებდა სითბოს და სიყვარულს.
ლინდგრენის ნაწარმოებები ჰუმანიზმისა და სიყვარულის სახელმძღვანელოდაც შეიძლება გამოდგეს. ლინდგრენს ფრეკენ ბოკიც კი, რომელსაც კარსლონი და ბიჭუნა შინამტანჯველს ეძახდნენ, ისე ჰყავს გამოყვანილი, რომ ძალაუნებურად გიყვარდება. ლინდგრენის ნებისმიერი ნაწარმოები ანდამატივითაა - შეუძლებელია ერთხელ წაიკითხო და მეორედ ისევ არ მიუბრუნდე.
მადლობა, დედილო ასტრიდ, იმ ლამაზი წუთებისთვის, რაც მაჩუქეთ. მართლა გამილამაზეთ ბავშვობა. ყველაზე მეტად მენატრებით თქვენ გმირებთან ერთად. თქვენ მუდამ იარსებებთ, სანამ დედამიწაზე ბავშვი იქნება, კარლსონიც კიდევ უამრავ ბავშთან შეფრინდება და უამრავი ბავშვის სახურავზე დადიდებს ბინას. პეპიც ბევრ ბავშვს წაიყვანს მამამისთან აფრიკაში. პელეს და ჩორვენის ბინის ყიდვით გამოწვეულ სიხარულსაც ბევრი გაიზიარებს. კიდევ ერთხელ მადლობა, ასტრიდ, რომ არსებობდით!!!
p.s. ჩემი შვილი 2 წლისაა, მალე დავიწყებ მისთვის ნაწარმოებების კითხვას, ასე რომ ძალიან მალე შეგხვდებით, დედილო ასტრიდ"...