სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ორი პატიმრის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქვეყნებს ინფორმაციას სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი გარდაცვალების ორი შემთხვევის შესახებ.
"წინასწარი მონაცემებით, სასჯელაღსრულების N17-ე დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნიკოლოზ შენგელიამ (დაბ. 1983 წ.) კისრის მიდამოში, საძილე არტერიის საპროექციო არეში მიიყენა ნაკვეთი თვითდაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ნიკოლოზ შენგელიას წარსულში მიყენებული ჰქონდა არაერთი დაზიანება. ასევე, ჩატარებული ჰქონდა ქირურგიული ოპერაციები უცხო სხეულების გადაყლაპვის გამო. ამ მიზეზით იგი გადაყვანილი იყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და გადიოდა ფსიქიატრიულ მკურნალობას, ხოლო 2014 წლის იანვარში, აუტოაგრესიის, არამოტივირებული ემოციური ქცევისა და არაადეკვატური მოთხოვნების გამო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ჩაუტარდა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ მსჯავრდებული არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებდა. ასევე დადგინდა, რომ იგი დაავადებული იყო არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით (F07.0). ამასთანავე, ნ. შენგელია 2013-2014 წლებში 10-ჯერ იყო გადაყვანილი სამედიცინო კლინიკებში სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით. საგულისხმოა, რომ მსჯავრდებულს ბოლო სამედიცინო მომსახურება გაეწია 2014 წლის 09 სექტემბერს ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ასევე, მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით გარდაიცვალა 1964 წელს დაბადებული მსჯავრდებული დ.ა.
"დ.ა.-მ აბაზანის მიღების შემდეგ მიმართა სამედიცინო პერსონალს გულმკერდის არეში ტკივილის გამო. პაციენტი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი დაწესებულების სამედიცინო ნაწილში. პარველადი ჯანდაცვის რგოლის ოჯახის ექიმებმა მას აღმოუჩინეს პირველი სამედიცინო დახმარება, რომლის შედეგადაც მოეხსნა ტკივილი და მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. მალევე სამედიცინო ნაწილში პაციენტმა დაკარგა გონება, გამოეხატა ტუჩების ციანოზი, სუნთქვა გახდა იშვიათი და ზერელე. დაწესებულების ექიმების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მხრიდან სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. სახალხო დამცველი აქცენტს აკეთებს, თუ რამდენად ჰქონდა მორიგე ექიმს კარდიოლოგის კომპეტენცია, რომ გამოერიცხა კარდიოლოგიური პრობლემის არსებობა/არარსებობა და ასევე დროულად გამოეძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა? საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში მუშაობენ ოჯახის ექიმები, რომელთაც არ მოეთხოვებათ იყვნენ სპეციალიზაციით კარდიოლოგები. შესაბამისად, მათი მოვალეობაა პაციენტისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, კონსულტირება და პირველადი ჯანდაცვის პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, იგი მორიგე ექიმის მიერ დროულად იქნა გამოძახებული. შემთხვევაზე სრულ შეფასებას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეგულირების სამმართველო გააკეთებს, რის შემდეგაც გამოვლენილი შესაძლო დარღვევები გადაეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეაგირებისთვის", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.