10 სექტემბერს რუსთაველის თეატრში პრესკონფერენცია გაიმართა. თეატრი 136-ე სეზონს რობერტ სტურუას პრემიერით ხსნის. ''ასულნი'' - ასე ჰქვია რეჟისორის ახალ ერთმოქმედებიან ნამუშევარს, რომელიც ფანტაზიაა და პოლიკარპე კაკაბაძის პიესის მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე გახლავთ, ხოლო მხატვარი - ანა ნინუა. როგორც პრესკონფერენციის დასაწყისში რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ია შერაზადიშვილმა განაცხადა, ბატონი რობერტი მათ მამებთან - გოგი ალექსიძესა და თემურ ნინუასთან წლების განმავლობაში მუშაობდა სპექტაკლებზე. ''ანასა და მარიამის ბატონ რობერტთან მუშაობა უნიკალური შემთხვევაა. დამოუკიდებლად ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, რომლებმაც უკვე თქვეს თავიანთი სათქმელი, მაგრამ ასევე ისინი გახლავან ბატონი რობერტის კოლეგების ასულები, რაც ერთგვარად სიმბოლურია ჩვენს სპექტაკლთან დაკავშირებითაც'', - აღნიშნა იამ.
რობერტ სტურუა:
- ''სამი ასული'' პოლიკარპე კაკაბაძის ცნობილი პიესაა. ჯერ კიდევ ინსტიტუტში მინდოდა მისი დადგმა, რომელიც მაშინ მეტერლინკის მისტიკურ პიესას მივამსგავსე. დრო რომ გავიდა, დავინახე მსგავსება ''გოდოს მოლოდინთან''. ვიღაც ჯაჯოს მიერ დამონებული სამი გოგონა ელოდება მხსნელს, მესიას, რომელიც არა და არ მოდის. ძირითად ქარგად ეს პიესა ავიღე და ბატონი პოლიკარპეს კიდევ რამდენიმე პიესის მიხედვით შევქმენი ფანტაზია. თითქოს მოდიან ვიღაცები, ასე ვთქვათ, მესიები, რომლებმაც ეს გოგონები უნდა გადაარჩინონ, მაგრამ ისინი აღმოჩნდებიან ცრუ მესიები და გოგონები გადარჩენის ყოველგვარ იმედს კარგავენ... სპექტაკლში მხოლოდ ქალები თამაშობენ. ჩანაფიქრი ასეთი მქონდა - ქართველი ქალები, არც ისე ახალგაზრდები, მერე ''ჰყვებოდნენ'', რა ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, არა პოლიტიკასა და ისტორიაში. ეს ის სქესია, რომელმაც ალბათ ყველაზე მეტი რამ გადაიტანა. და მე არ ვგულისხმობ დღევანდელ დღეს. ეს არის ქალების თვალით დანახული სამყარო.
პიესა დაახლოებით საათსა და 15-20 წუთს გაგრძელდება. ვღელავ, რადგან მას შემდეგ, რაც თეატრიდან გამაძევეს, ეს დიდ სცენაზე დაბრუნების მერე ჩემი პირველი სპექტაკლია და რასაკვირველია, მინდა, რომ ხალხს მოეწონოს. ეს უკვე ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე ვუშვებ ამ ''არსებას'', რომელიც ჩვენ ყველამ შევქმენით და ვნახოთ, როგორ იარსებებს ამ საკმაოდ გამძვინვარებულ ქვეყანაში...
რასაკვირველია, პრესკონფერენციაზე გაისმა შეკითხვა ''ვეფხისტყაოსანთან'' დაკავშირებითაც, რომლის დადგმას თეატრალურ სცენაზე რობერტ სტურუა აპირებდა. მას შემდეგ ამ თემის მიმართ ინტერესი არ განელებულა.
- ''ვეფხისტყაოსანზე'' ლაპარაკი - მრცხვენია. დიდი ფული არ მჭირდება, 300 ათასი მეყოფა. შემიძლია, დავდგა სპექტაკლი ღარიბი თეატრის სტილისტიკაში, მაგრამ თუნდაც ერთი სცენა, თინათინის გამეფება ხომ უნდა იყოს ისე დადგმული, რომ მიხვდე, ეს ქვეყანა ძლიერი და მდიდარია. ამიტომ ვუცდი, იქნებ, მოხდეს რამე სასწაული და თანხა გამოყონ. ის კაცი არ ვარ, მუხლმოდრეკილმა ვთხოვო ვინმეს რამე. მე მგონია, რომ თუ ადამიანი გაიგებს, რას ვაპირებ, ოდნავ მაინც თუ სჯერა, რომ გამოვა, თავად უნდა წამოვიდეს ჩვენკენ და დაგვეხმაროს. სპექტაკლი რომც არ გამოვიდეს, მივიჩნევ, ეს იქნება საშუალება, რომ ''ვეფხისტყაოსანი'' ახალგაზრდა რეჟისორმა დადგას სცენაზე და გზა გახსნას. ასეთი სიმდიდრე გაქვს და მხოლოდ წიგნად არ უნდა დარჩეს.
იხილეთ გაგრძელება