თბილისის ზოოპარკში სპილოს, სახელად გრანდის, ეშვის ამოღების ურთულეს ოპერაციას უკეთებენ. ოპერაციას მსოფლიოში ცნობილი სტომატოლოგი, პეტერ კერტესი აკეთებს. ამის შესახებ ზოოპარკის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი" ავრცელებს ინფორმაციას.
"ცხელ-ცხელი ამბები გრანდის საოპერაციოდან:
ალბათ ფოტოც კარგად ასახავს საოპერაციოში განვითარებულ მოვლენებს. გრანდი ანესთეზიის ქვეშაა. ამ მომენტისთვის პირველი ეშვის ამოღების პროცედურა მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა.
ეშვების ამოღების ოპერაცია მეტად სერიოზული და დაძაბული პროცესია, რომელიც ათეულობით ადამიანის ძალისხმევას მოითხოვს. ერთი ეშვის მოშორებას რამდენიმე საათი სჭირდება, ასეთი დიდი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა კი ძალზე სარისკოა. არსებობს შემთხვევები, როდესაც ოპერაციის შემდეგ ვეღარ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. იმედია, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდება და ეს ურთულესი ოპერაცია გართულებების გარეშე ჩაივლის.
გრანდმა დიდი მადლობა გადმოგცათ ყველას გულშემატკივრობისთვის", - აშნიშნულია ზოოპარკის "ფეისბუქ-გვერდზე".
სტომატოლოგი საქართველოში თავის 3 ასისტენტთან ერთად ჩამოვიდა და ქირურგიული მანიპულაციებისთვის აუცილებელი სპეციალური აღჭურვილობაც ჩამოიტანა: სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტებით სავსე 15 ყუთი, რომელიც საერთო ჯამში დაახლოებით 400 კილოგრამს იწონის.
ექიმი პეტერ კერტესი ლონდონის ცენტრში არსებული პრესტიჟული სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელი და ამასთან, ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტომატოლოგია. მას სპილოების ეშვების ამოღების ასამდე ოპერაცია აქვს ჩატარებული.