საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს მიერ კლიმატის სამიტზე შეცდომით მიხეილ სააკაშვილის სახელზე გამოგზავნილ მიწვევას ასაჯაროებს. "საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ვასაჯაროებთ მიმდინარე წლის 14 მარტს გაერო-ს სამდივნოს მიერ გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობაში გაგზავნილ მოსაწვევს კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტზე დასასწრებად, სადაც შეცდომით იყო მითითებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თავად მოსაწვევი დათარიღებულია 25 თებერვლით, სპეციალური შტამპი მიუთითებს, რომ იგი საქართველოს მისიაში შემოსულია 14 მარტს. გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლობამ მიმართა გაერო-ს სამდივნოს შეესწორებინა შეცდომა, რის შემდეგაც სამდივნომ გამოაგზავნა ხელახალი მოწვევა, ამჯერად პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე, ეს წერილიც დათარიღებულია 25 თებერვლით და შესწორებული ვერსია საქართველოს მისიაში შემოვიდა 30 მაისს, 5 ივნისს კი უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გამოაქვეყნა გაერო-ს გენერალური მდივნის წერილი გიორგი მარგველაშვილის სახელზე, რომელიც 25 თებერვლით არის დათარიღებული. თუმცა, მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ის მიზეზი განმარტა, რის გამოც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროებულ, გაერო-ს გენერალური მდივნის 25 თებერვლით დათარიღებული წერილის ადრესატად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილია მითითებული. ზალკალიანის თქმით, ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, გაერო-მ ახალ წერილში პრეზიდენტის სახელი და გვარი ჩაასწორა, თუმცა თარიღი უცვლელი დატოვა.
"გაერო-ს მისიაში 25 თებერვლით დათარიღებული წერილი შესულია 14 მარტს. მინდა გაჩვენოთ ეს წერილი, რომელიც ფოსტითაა მოსული გაერო-ს სამდივნოდან და გამოგზავნილია ყოფილი პრეზიდენტის სახელზე. მას ხელს აწერს გაერო-ს სამდივნოს წარმომადგენელი. იმის გამო, რომ წერილის ადრესატად მითითებული იყო მიხეილ სააკაშვილი, მისიამ გაერო-ს სამდივნოს წერილი მისწერა და სთხოვა, შეესწორებინა ეს შეცდომა. რამდენიმე თვის შემდეგ, მაისში მივიღეთ წერილის ახალი, კორექტირებული ვერსია პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე, მაგრამ მასში თარიღი არ იყო შეცვლილი, ამიტომაც მასზე ისევ 25 თებერვალია მითითებული", - განაცხადა ზალკალიანმა.