ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებასთან დაკავშირებით მთავრობასა და პრეზიდენტს შორის წარმოქმნილი გაუგებრობების შეფასებისგან თავს იკავებს. როგორც ჟურნალისტების კითხვის პასუხად რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, აღნიშნული საკითხი თითოეულ ქვეყანასა და გაერო-ს შორის წყდება.
"ამდენად მე ვერაფერს დავამატებ ამ თემას", - განუცხადა ჟურნალისტებს რიჩარდ ნორლანდმა. გაერო-ში საქართველოდან ერთი დელეგაცია გაემგზავრება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. აშშ-ში გამგზავრებას გეგმავდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 23 სექტემბერს, კლიმატის ცვლილებების სამიტზე იყო მიწვეული, თუმცა 11 სექტემბერს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვიზიტი ჩაიშალა. ცნობილი გახდა, რომ კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოწვევა თებერვალში გამოაგზავნა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ივნისში აცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არსებული მიმოწერა ადასტურებს.