ქართველი მომღერალი გიგა კვენეტაძე წლებია, მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. მის სიმღერებს ბევრი რუსი მომღერალი ასრულებს. გიგა მოსკოვში გადასვლის შემდეგ მეუღლეს, ნინო წიკლაურს დაშორდა. ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ შეყვარებული არ ჰყავდა. ცოტა ხნის წინ კი ''ფეისბუქის'' საშუალებით ცნობილი გახდა, რომ გიგა მარი კარამოვაზეა შეყვარებული. მომღერალმა მასთან ერთად გადაღებული ფოტოები ატვირთა. გიგას სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- გიგა, ჩემი აზრით, შენი რჩეული ძალიან ლამაზი გოგონაა.
- მართლა ლამაზია, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ბედნიერი ვარ, რომ იგი ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა. ძალიან კარგი ადამიანია.
- რას საქმიანობს?
- განათლებით ექიმია, მაგრამ ამჟამად სხვა საქმიანობით არის დაკავებული. გენერალური მენეჯერია კომპანიაში, რომელსაც მოსკოვში სხვადასხვა სახის ბიზნესი აქვს.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- საერთო მეგობრები გვყავს და რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს სხვადასხვა პრეზენტაციაზე.
- დიდი ხანია, იცნობ?
- თითქმის ერთი წელია, რაც ვურთიერთობთ.
- ხომ არ გაგიჭირდა ასეთი ლამაზი გოგონას მოხიბვლა?
- რა თქმა უნდა, გამიჭირდა. მარი ძალიან სწორად არის აღზრდილი და მე რამდენიმე თვე დამჭირდა, რომ პირველ პაემანზე დამეთანხმებინა. მოხიბლული ვარ მისი სილამაზით.
- ასწავლე ქართული?
- ძალიან ვცდილობ და ისიც მონდომებულია, რომ ქართული კარგად ისწავლოს. სიმართლე რომ გითხრათ, საქართველოშია გაზრდილი, თუმცა როცა ჩვენ შევხვდით, ქართული სულ დავიწყებული ჰქონდა. 20 წელია, მოსკოვში ცხოვრობს.
- დედა ქართველი ჰყავს?
- მამა ნახევრად ქართველია, ნახევრად - სომეხი. თუმცა როცა გიყვარს, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს.
- რასაკვირველია. პაემანზე დასათანხმებლად სიმღერა ხომ არ მიუძღვენი?
- რა თქმა უნდა. სიმღერა ხომ ჩემი ყველაზე დიდი და უძლეველი იარაღია. მას სხვა შანსი აღარ ჰქონდა (იცინის).