რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "პორშე პანამერას" ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც, როგორც დეპუტატი წერდა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეს - დავით მედულაშვილს ეკუთვნის.
"თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეს - დავით მედულაშვილს, ბედნიერი მოსახლეობა ახალი ავტომობილის (პორშე პანამერა) შეძენას ულოცავს. შალახო, თუ შეიძლება... თავიდან ნელა და მერე ააჩქარეთ!", - წერდა ხაჩიძე ფოტოების აღწერაში.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მაშინვე გამოეხმაურა მერიის პრესსამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი, რომელმაც გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
"ახლა კი, იმისათვის, რომ ძალიან მარტივად დარწმუნდეთ ამ ინფორმაციის სიცრუეში, რამდენიმე ლინკს ვდებ. 1. ამ მანქანის ფოტო გამოქვეყნებულია ფბ-ს ერთ-ერთ გვერდზე, რომელსაც ჰქვია "ბლატნოი ნომრები"; 2. ეს მანქანა ამ წუთში დევს myauto.ge-ზე და იყიდება. მანქანას ყიდის ვინმე თორნიკე, რომელსაც ამავე საიტზე მითითებულ ნომერზე სწორედ ახლა ველაპარაკე. მან მითხრა, რომ მანქანა მისია, მასზეა გაფირმებული, ყიდის და ჯერ არავის უყიდია (ამაში სავარაუდოდ ის ჟურნალისტებიც დარწმუნდით, ვისაც ჩემამდე ამ საღამოს მასთან დაგირეკავთ). 3. რაც შეეხება მედულაშვილს, მან თავის ფბ გვერდზე მხოლოდ ეს ფოტოები გამოაქვეყნა და არსად დაუწერია, რომ იყიდა. ჟურნალისტმა ასეთი დასკვნა მხოლოდ კომენტარებიდან გამოიტანა.
სამწუხაროა, მართლა ძალიან სამწუხარო", - დაწერა პოპიაშვილმა.
დავით მედულაშვილის "კუთვნილ" ავტომობილთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა ჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმაც.
"ბიძინა ივანიშვილი! ახსენით, ეს რა ჯანდაბაა, გეთაყვა. დეტალურად ახსენით: ჯერ, მერიის თანამშრომლის 100 ათასიან მანქანაზე მოგვიყევით, მერე ამ მანქანის 10 ათასიან ნომერზე >>>>
- ამ ადგილიდან პოსტის რედაქტირება გადავწყვიტე, რადგან ჩემთვის სანდო ადამიანი მიმტკიცებს, მისი მანქანა არ არისო. კიდევ ყურადღებით დავათვალიერე თვითონ ხაჩიძის სამიზნე დავით მედულაშვილს რაც აქვს გამოქვეყნებული თავის კედელზე. იცით რა მაინტერესებს? ერთხელ თვითონ დადო ამ მანქანის ფოტო. მერე მისმა მეგობრებმა მილოცვები დაუწერეს. მერე ამან კიდევ ოთხი ფოტო დადო, ნომრით "დავითი" (თვითონაც ასე ჰქვია) ანუ "შეიფერა". თვითონ იჩალიჩებს? თუ ჯერ ვერ ხვდება საჯარო სამსახურში რომ არის? მოკლედ, მისივე კედლიდან "არც უარყოფაა და არც დასტური" იმისა რომ მანქანა მისია ამიტომ მეც მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჰოოდა, გოგა ხაჩიძე, სახელის გატეხვას რომ თავის გატეხვა სჯობია (შენ ჯვარი გწერია) კი უნდა იცოდე წესით ეს ამბავი. და ალბათ, ის ამბავიც - მომავალში სიმართლესაც რომ აღარ დაიჯერებენ შენგან, თუ ამ ამბავს არ დაასაბუთებ:) ამ ჩანართის შემდეგ კი რაც მიწერია, უკან ნამდვილად არ წავიღებ, რადგან მხოლოდ ამ ერთი შემთხვევის გამო არ დამიწერია და სამწუხაროდ, კვლავაც განგრძობითი ხასიათი აქვს:
<<<< აგვიხსენით, რატომ ხდებით ნაციონალური მოძრაობის დაცინვის დამსახურებული სამიზნე. იმ ნაციონალური მოძრაობისა, რომელსაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ, დამაჯერებლად და დამსახურებულად მოუგეთ. თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ მხოლოდ თქვენი მარიფათით მოიგეთ და არა მომრჩევლის ხმებით?! თუ ასე არ გგონიათ, ძალიან გთხოვთ, იგივე დაბეჯითებით აუხსენით თქვენი ოცნების ქვემდგომ წევრებს - რადგან სულ უფრო მძაფრდება გრძნობა, რომ ისინი ანგარიშვალდებულად თავს მხოლოდ თქვენს წინაშე გრძნობენ. თქვენი არ ვიცი და ჩემი ოცნება ეს ნამდვილად არ ყოფილა... P.S. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, "წარმატებული ბიზნესმენი იყო"; "თავის ფულით იყიდა" და ა.შ. არ მიიღება. მშიერ ხალხზე ათიათას ლარიან ნომრიანი ჩინოვნიკი ვერ იფიქრებს... ხო, კიდევ, ნარმანიასაც ურჩიეთ: "პიუ მაუთი" სიარული თავის ქალაქში მერს არ უნდა სჭირდებოდეს...", - წერდა გრძელიშვილი.
თემა სოციალურ ქსელში აქტუალობას არ კარგავს.
მოგვიანებით დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ძვირადღირებული ავტომობილის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ეკუთვნის.
"დიდი ალბათობით, ეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მანქანაა.
ავტომობილის სანომრე ნიშანზე 41 ნათლად გამოხატავს, რომ ქოცმთავრობის ხელში მსგავსი სამსახურების დეპოლიტიზირება ნამდვილად მოხდა.
ესეც მოსალოცი ამბავია და გილოცავთ!", - წერდა ხაჩიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: