მე ზოგადად ვფიქრობ, რომ შენობაში, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გაკეთდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რამდენიმე თვის წინ დავით უსუფაშვილს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ათონელზე მშენებარე სასახლეში რემონტი დასრულდება, პრეზიდენტი სამუშაოდ იქ გადავა.
"მე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რომელზეც მიჭირს რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინე ამ ბოლო დროის განმავლობაში და ალბათ დამოკიდებული იქნება რეალურად იმაზე, თუ რა მოხდება. მე, ზოგადად, ვფიქრობ, რომ ის შენობა, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, ალბათ, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანისთვის შეიძლება გაკეთდეს", - განაცხადა ოთარ დანელიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა. მან აღნიშნა, რომ იქ შეიძლება ბევრი რამე გაკეთდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" გიორგი მარგველაშვილთან 2-3 თვის წინ გამართული შეხვედრა გაიხსენა.
"როდესაც მარგველაშვილთან ამ თემაზე ბოლო საუბარი მქონდა, მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ეს იყო 2-3 თვის წინ ალბათ, მან მითხრა, როდესაც იქნება მზად ათონელზე ის შენობა, გადავალ იქ და საერთოდ იქნება სახელმწიფო შენობების საკითხი ჩავაბაროთ იმას, ვისაც ეკუთვნის", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, 21 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილი ჩაბარდა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში სამუშაოდ გადასვლას არ აპირებს.