როგორ დაეხმარებიან განო და კოტე გაჭირვებულ ადამიანებს

როგორ დაეხმარებიან განო და კოტე გაჭირვებულ ადამიანებს

8 სექტემბერს, "პალიტრა TV"-ს ეთერში კოტე თოლორდავამ და განო მელითაურმა თავიანთი გადაცემა, უკვე სხვა სახელწოდებით - "შუადღის ამბებით განო და კოტე" განაახლეს... "ამბები.გე" მათი ახალი საქმიანობით დაინტერესდა...

კოტე:

- ჩვენს შოუს ფორმატიც შეეცვალა და იდეაში ბევრი რამ. დავიწყოთ იმით, რომ ინტერაქტივი დაემატა, მაყურებელი და მსმენელი გვიკავშირდება და აქტიურად არიან ჩართულები. მათი მხრიდან, ასეთ აქტივობას არც ველოდებოდით. სიახლე კიდევ ის არის, რომ ჩვენი სტუდიიდან, საინფორმაციო ამბების სტუდიაში გადავინაცვლეთ და გავხდით ნიუსების, ამბების ჩვენებური მთხრობელები.

განო:

- ისე, ინტერაქტივმა ყველაზე მეტად გაამართლა. ეს აკლდა ჩვენს წინა შოუს. სურვილი გვაქვს, მინიმალური წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ მოსახლეობას მეტად დავეხმაროთ, მეტი სიახლე და ამბავი გავაგებინოთ. თუ მათი ზარების მიხედვით ვიმსჯელებთ, მართლაც ბევრი შეკითხა აქვთ. ამისთვის კი უნდა გამოვიყენოთ "პალიტრამედიის" ყველა რესურსი და ადამიანებს პასუხები გავცეთ. ამასთან, მსმენელთან და მაყურებელთან ინფორმაციებიც გავცვალოთ.

- უმეტესად რა ხასიათის შეკითხვები შემოდის?

- ყველანაირი, დაწყებული რა ტიპის თევზი უნდა ვჭამოთ და რა არის ჯანმრთელობისთვის საზიანო? რამდენად კონტროლდება საქართველოში შემოსული სურსათი? დამთავრებული იმ ფაქტით, როცა მუსლიმებს ქობულეთში მედრესის კარზე ღორის თავი დაუმაგრეს. ყველანაირი შეკითხვა შემოდის. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველანაირ შეკითხვას ვუპასუხოთ.

კოტე:

- სოციალური თემებით ვინტერესდებით. ახლა ძალიან საარსებო მინიმუმის საკითხს ჩავეკირკიტეთ, რომლის მონაცემებიც სტატისტიკის დეპარტამენტმა გაავრცელა.

განო:

- იმ მონაცემების მიხედვით, საარსებო მინიმუმი დღეში 4 ლარი და 80 თეთრია. ახალ მე და კოტემ გადავწყვიტეთ, მაყურებლებთან ერთად, გამოვიკვლიოთ, რის საფუძველზე მიიღეს ასეთი დასკვნა...

განო:

- მოკლედ, ამ თემაზე ვიმუშავებთ და ჩვენს ვერსიას მაყურებელს აუცილებლად გავაცნობთ. არადა, გასაოცარია, საკვების გარდა, ადამიანს საყოფაცხოვრებო მოხმარების საშუალებები სჭირდება, კომუნალურ გადასახადის დაფარვა, მგზავრობა, წამალი და გაუთვალისწინებელი ხარჯები. მაინტერსებს, ყველაფერი ამ თანხაში როგორ შედის?!

კოტე:

- ეს ის მცირე საკითხია იმ უამრავი განსახილველი თემიდან, რომლებთანაც შეხება მოგვიწევს...

- ძველ და ახალ სტუდიაში მუშაობა ერთმანეთს რომ შევადაროთ. რომელი ჯობია?

განო:

- ჩვენთვის მისაღები იყო ისიც და მისაღებია ესეც. იმასაც უდიდესი პასუხისმგებლობით და დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებოდით. "გაკოს შოუც" ძალიან მიყვარს და მომენტებში მენატრება კიდეც, რადგანაც "ჩვენებური" იყო, ჩვენი "სახლი"... ახლა ცხოვრების წესი შეგვეცვალა იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირი ეთერში გვიწევს ყოველდღიურად აქტიურად მნიშვნელოვან თემებზე მუშაობა, ამ ყველაფერს ბევრად მეტი რესურსი მიაქვს. მართალია, ეთერში 45 წუთი ვართ, მაგრამ კადრს მიღმა ამ ყველაფერს, მომზადებას ბევრად მეტი ენერგია და დრო მიაქვს, რადგანაც როგორც ვთქვით, გაანალიზება სჭირდება და საკუთარი აზრი ჩამოყალიბებაც. მოკლედ, ამჯერად ტემპი კიდევ უფრო აგვიჩქარდა, ვიდრე გვქონდა.

კოტე:

- რთულია, რასაც ახლა შევეჭიდეთ. ჩემი აზრით, დღევანდელი საქმიანობა ცოტა ჟურნალისტურ გამოცდილებასაც გვძენს, რომელიც აქამდე არ გაგვაჩნდა. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობის დიდი რაოდენობა გვირეკვას და ჩვენ კი ჩვენეულ ანალიზს ვაკეთებთ. ვართ აბსოლუტურად სუბიექტურები და აპოლიტიკურები.

განო:

- მოკლედ, ეს გადაცემა ადამიანებისთვის კეთდება.

კოტე:

- ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მაყურებლის ზარის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ამა თუ იმ თემის გარკვევას და ოპერატიულად ვაწვდით მათ პასუხებს.

განო:

- კი, თუ საჭიროა, პირდაპირ შესაბამის უწყებებთან ვრეკავთ და ვარკვევთ, ვთქვათ, რატომ გაეთიშათ ამა თუ იმ უბანში დენი... მოკლედ, სულ ჩართულები და მობილიზებულები ვართ.

კოტე:

- მობილიზებულები მაშინაც ვიყავით, მაგრამ აქ შეცდომის უფლება არ გაქვს. იმიტომ, რომ პირდაპირი ეთერია და ხარვეზს ვეღარ გამოასწორებ. ეს ყველაფერი ცოტათი სცენაზე გასვლას მაგონებს. იქაც ცოცხალი შეფასებები მოდის დარბაზიდან, თუკი რამე იმპროვიზაციას გააკეთებ. აქ კი მაყურებელი გვიკავშირდება.

განო:

- ასე რომ, "პალიტრამედია" კვლავაც საინტერესო გამოწვევებით გვანებივრებს. თავიდან ცოტა გვეშინოდა, ეს ფორმატი ხომ ვამბობთ, სრულიად ახალია ჩვენთვის, ის კი არა, ჟურნალიტებსაც კი უჭირთ მსგავს ფორმატზე მუშაობა, თუმცა ამ ყველაფერის ხიბლი ის არის, რომ მე და კოტე ვართ და არა ვთქვათ, გამოცდილი ჟურნალისტები. ამ მიმართულებით მაყურებელთან ერთად ვიზრდებით.

- ამ პერიოდში რაიმე ახალი იდეაც ხომ არ გაგიჩნდათ?

განო:

- მუდმივად ვცდილობთ, რომ რაღაცები დავამატოთ იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. ახლა ბლოგის შექმნა გვინდა. მოკლედ, გადაცემას ექნება თავისი ბლოგი, სადაც მაყურებელსაც მივცემთ საშუალებას, ერთწუთიანი, ან 30-წამიანი იდეები გამოაგზავნონ და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ...

კოტე:

- გვინდა, რომ ვიდეომიმართვები იყოს სხვადასხვაგვარი. ეს აზრის დაფიქსირების ძალიან საინტერესო ფორმაა. სელფი ხომ ატაცებული აქვს მთელ საქართვლოს, ესეც სელფი იქნება, ოღონდ, ვიდეოს სახით. მოკლედ, შეგვიძლია საკუთარ თავს ვიდეო გადავუღოთ და მერე იქვე რაღაც მოსაზრებაც დავაფიქსიროთ...

განო:

- რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას და ლაიქს დაიმსახურებს, გარდა ამისა, პოსტების სახით და პატარა პუბლიკაციები სახითაც დაიდება. სხვადასხვა თემებს გვინდა, რომ პატარა ვიდეოები გავუკეთოთ. გავიგოთ იმ ადამიანების აზრი, ვისიც გვაინტერესებს. სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები თუ რას ფიქრობენ, ეს გვაინტერესებს. მთლიანობაში გვგონია, რომ საინტერესო და საჭირო ეთერი გამოგვდის.

კოტე:

- მოკლედ, გვინდა, რომ ვიყოთ ხალხის სამსახურში, როგორ შედგება ეს თანამშრომლობა, ამას დრო გვიჩვენებს და იგივე "ფეისბუქის" გვერდზეც აისახება.

განო:

- დიდი მადლობა ყველა იმ მაყურებელს, რომელიც რეკავს. სასიხარულოა, რომ გვემატება და გვემატება მაყურებელი, ვიმეორებ, მართლა არ ველოდებოდით ასეთ ჩართულობას. დიდი მადლობა ყველას.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება