ამბავი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ირღვევა ქვეყანაში როგორც შიდა კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კონვენცია. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეს ხდება ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე.
ორხევის დასახლებაში ფეროშენადნობი ქარხნიდან ამომავალი უზარმაზარი კვამლის მასა თითქმის მთელ დასახლებას ედება. ქარხანა სამეწარმეო რეესტრში ჯერ კიდევ 2011 წელს დარეგისტრირდა, თუმცა, აქტიური მუშაობა დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო.
ამ ხნის განმავლობაში კვამლმა აქ მცხოვრებთ ჯანმრთელობა შეურყია. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი იქ ჩვეულებრივი ამბავია.
22 წლის თორნიკე დარბაისელსაც შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა - რამდენიმე დღის წინ კანზე გამონაყარი გაუჩნდა. მის მსგავსად კანის დაავადებას კიდევ არაერთი ორხევის მცხოვრები უჩივის.
თორნიკე დარბაისელი: - ამ კვამლისა და საშინელი სუნის გამო შეუძლებელია აქ გაჩერება, სუნთქვაც კი გვიჭირს. მოსახლეობაში გავრცელდა კანის დაავადებები, გახშირდა თავის ტკივილი, გულის დაავადებები. ამ ქარხნის მესვეურების ცინიკური დამოკიდებულება კიდევ სხვა საკითხია. არაერთხელ მოვითხოვეთ მფლობელებთან შეხვედრა, მაგრამ ვერაფერს გავხდით და რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვეს, რამდენჯერმე ქარხანაში შეჭრაც ვცადეთ. პასუხისმგებელი პირი ირონიულად გვპასუხობს: ვიცით, რომ გწამლავთ, მაგრამ როცა ქარხანას ვაწყობდით, წარმოდგენა არ გვქონდა, რომ აქ ამის აშენება არ შეიძლებოდა, ახლა ერთი დღე რომ გავაჩეროთ, 10 ათას ლარზე მეტს ვიზარალებთო. გამოდის, რომ არ იზარალონ და ფული გააკეთონ, ჩვენ, მოსახლეობა, უნდა დავიხოცოთ. ისინი მდიდრდებიან, ჩვენ კი მომწამვლელ გამონაბოლქვს ვსუნთქავთ და საშინელ სუნს ვიტანთ.
- თუ იცით, ქარხანას სპეციალური ფილტრები არ აქვს?
- დანამდვილებით ვიცი, არა აქვთ. როგორც ვიცი, ასეთი ფილტრები საქართველოში არ იშოვება, ძვირად ღირებულია, დაახლოებით მილიონი ჯდება მისი ჩამოტანა და დამონტაჟება. დაგვპირდნენ, ფილტრებს დავაყენებთო, მაგრამ პირობა დღემდე არ შეუსრულებიათ. მხოლოდ ორი ჩვეულებრივი გამწოვი მილი აქვთ დაყენებული. საშინელი გოგირდის სუნი ტრიალებს ირგვლივ. ნედლეულს რომ დაამუშავებენ, ნარჩენები პირდაპირ მინდორში მიედინება და იქ ორთქლდება.
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე