საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
როგორც ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, ორივე პროექტის მიზანია საზოგადოების განვითარება.
"ორი პროექტი უკვე მზად არის, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარებაა, სადაც მე ჩემს როლს ვხედავ. სკოლის მოსწავლეებისთვის საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროექტი მზადდება - ჩატარდება ოლიმპიადები, იქნება წამახალისებელი მექანიზმები. პროექტის არსი არის ის, რომ სკოლის მოსწავლეები ჩაერთონ იმაში (ცოდნის სახით), თუ რა არის სამოქალაქო საზოგადოება, როგორი უნდა იყოს მოქალაქე, რომ ყველა უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, ყველამ უნდა იზრუნოს სამშობლოზე და ა.შ. დაიბეჭდება ასეთი სახის კითხვარები, რომლებიც სკოლებში გავრცელდება და გამარჯვებული გამოვლინდება", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებმა თავიდანვე ისწავლონ, რომ საზოგადოების წევრები არიან და მოუწევთ მონაწილეობა საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში.
"მეორე, ასეთივე ფართომასშტაბიანი პროექტი სტუდენტებისთვისაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებასა და ამაში სტუდენტების ჩართულობას უკავშირდება. სტუდენტები ჩაერთვებიან რეგიონების ბიუჯეტის განხილვაში, უნდა გამოთქვან კრიტიკული შენიშვნები და შეძლონ უკეთესი ვარიანტის წარმოდგენა. საკმაოდ ბევრი დრო დავხარჯე ამ ორი პროექტის მომზადებაში და ეს, ალბათ, ადასტურებს, რომ ვმუშაობ კონკრეტული მიმართულებებით", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში, ასევე დღეს, 19:30 საათზე "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიოვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.