მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
როგორც ივანიშვილი ამბობს, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია. "არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს. მე მომისმენია მისი გამონათქვამები. მეც მირჩევნია, რომ უკეთესი ორატორი ვიყო და მშვენივრად ვიცი, რომ აქამდე ბევრი მიკლია. შეიძლებოდა, ვთქვათ, უკეთესი ქართული მცოდნოდა, საუბედუროდ, ბევრ შეცდომას ვუშვებ, თუმცა, რაღაც მოვახერხე პოლიტიკაში. მე იმით უნდა შევფასებულიყავი, რასაც ვაკეთებდი. ერთ-ერთმა მითხრა, ჭიკაიძეს ხელში "კნოპკიანი" დანა ეჭირა, რომელსაც ხსნიდა და კეტავდაო (კადრები უჩვენებიათ). შეიძლება არ არის ლამაზი, რომ შს მინისტრს დანა უჭირავს ხელში და უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე უფრო კარგი ორატორი ყოფილიყო", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, იგი ალექსანდრე ჭიკაიძეს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით იცნობს. "ჭიკაიძე ჩემი შერჩეული კადრი არ არის, მაგრამ ის უნდა დახასიათდეს შსს-ს მუშაობით და თუ გნებავთ, საკუთარი წარსულით. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რაღაც საშინელება ხდება, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ექსპრემიერის თქმით, ყველას ახსოვს, რომ `ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას პოლიცია იყო ყველაზე საშიში ჩვენს საზოგადოებაში. "დღეს პოლიცია მუშაობს ხალხის დასაცავად და არა დასაჩაგრად. ზოგიერთი ვიდეოფირი მართლაც ცრემლის მომგვრელია - ვგულისხმობ იმას, წინასაარჩევნო პროცესში "ნაცმოძრაობის" პროვოცირებულ შეტაკებებში თუ როგორ ძალადობენ პოლიციელებზე და როგორ ცდილობენ პოლიციელები იყვნენ ფაქიზნი და ადამიანებს უხეშად არ მოექცნენ. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს, როდესაც სხვას აკრიტიკებენ. უნდათ, შს მინისტრი, პრემიერი თუ სხვები იდეალურები იყვნენ, არადა, ადამიანი იდეალური ვერ იქნება, ყველას აქვს თავისი შეცდომები და მინუსები. ჭიკაიძე საქმიანობით შეაფასეთ. ამჩნევთ მას კორუფციისკენ მიდრეკილებას ან პოლიციაში რაღაც საშინელება ხდება?! მე ვიცი, რომ პოლიციაში მას დიდ პატივს სცემენ და უყვართ თანამშრომლებს. ის ახერხებს, რომ მართოს შს სამინისტრო, რომელიც დღეს ეფექტიანი და წესიერი გუნდითაა დაკომპლექტებული. მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ. რას ერჩით?! ეს კაცი თავის საქმეს კარგად აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას"
უნდა ყველაფერი უკუღმა დახატოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ივანიშვილი ამბობს, რამდენიმე კვირაა კრიმინალის ზრდის თემა არის "აწეული", რომ თურმე საქართველოში კატასტროფა ხდება კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით.
"კი, მაგრამ, სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! მოხდა მკვლელობები, ეს კატასტროფაა და ცუდია, თუმცა, ასეთი შემთხვევები მომავალშიც მოხდება (სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება). მკვლელობები ამერიკაშიც ხდება, საფრანგეთშიც, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: პოლიცია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ადრე?! სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დაუჯერებელია?! მდგომარეობა გაუარესდა და საქართველო კატასტროფისკენ მიექანება?! არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას. გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა ეს (თემის აჟიტირება), "ასწია" "რუსთავი 2"-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა - შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თუ არ ვცდები ჯაფარიძე, თურმე მესამე ღია წერილით მომმართავს (პირველი ორი მე "საუბედუროდ" არ მინახავს). წერილში წერს, რომ თავის დროზე, პოლიტპატიმრები რომ გამოუშვეს ციხიდან, თურმე ჯერ მაშინ მიკითხავდა ლექციებს, რომ ეს არ შეიძლება. საუბრობს ციხიდან გამოსულ 17 ათას პატიმარზე. მათ ამით იმის გამართლება უნდათ, რომ 17 000 კაცი უკანონოდ ჰყავდათ დაპატიმრებული", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში, ასევე დღეს, 19:30 საათზე "პალიტრა TV"-ს ეთერში, აუდიოვერსიის მოსმენა კი იმავე დროს, რადიო "პალიტრაზე", FM 103.9-ზე შეგიძლიათ.
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე
ასევე იხილეთ:
ბიძინა ივანიშვილი - "რუსთავი 2" "ნაციონალების" აგიტაციას ეწევა, მაგრამ ჩემთვის უფრო მძიმეა "პირველი არხი", "მაესტრო" და "იმედი"