გუშინ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. დედაქალაქის მერმა კომპანიას ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდა.
როგორც ნარმანიამ შეხვედრისას განაცხადა, დედაქალაქში მსყიდველუნარიანობა დაბალია და შესაბამისად ტარიფები მოსახლეობისთვის მისაღები და ადეკვატური უნდა იყოს.
"ჩვენი მოთხოვნაა ამ კომპანიის მიმართ, ისევე როგორც სხვა კომპანიების მიმართ, რომლებსაც ჩვენ მოვუსმინეთ და მომავალშიც მოვუსმენთ, არის უცვლელი, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი სერვისი მიეწოდოს თბილისელებს, შემცირდეს უკმაყოფილების დონე და სადაც შესაძლებელია ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადახედვა, მოხდეს მისი გადახედვა. დედაქალაქში მსყიდველუნარიანობა არც ისე მაღალია, ამიტომაც ვთვლით, რომ მოსახლეობისთვის უნდა იყოს ადეკვატური და მისაღები ტარიფები", - განაცხადა ნარმანიამ.
გარდა ამისა, ნარმანიამ მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.
მისი თქმით, როგორც მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, მძღოლების ინდივიდუალურ სურვილზეა დამოკიდებული ჩართავენ თუ არა კონდიციონერს.
"ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც ახალმოსულმა თბილისის მთავრობამ კომპანიის წინაშე დააყენა, ეს იყო კონდიცირებასთან დაკავშირებული საკითხი, ვინაიდან ზაფხულის პერიოდი იყო. ჩვენ ვატარებდით მონიტორინგს, რომლის შედეგითაც კმაყოფილები არ ვართ. როგორც გამოჩნდა, ინდივიდუალურად, მძღოლების სურვილზეა დამოკიდებული ჩართავენ თუ არა კონდიციონერს. ჩვენთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია. უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი და იქ სადაც პრობლემებია მომსახურების მხრივ, კომპანიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის მოსაგვარებლად", - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მთავრობა და შპს "თბილისის მიკროავტობუსი" კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე შეთანხმდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოიხსნება ფეხზე დგომის, კონდიციონერის, მიკროავტობუსის ხელმისაწვდომობის და სხვა პრობლემები.
"თბილისის მოსახლეობას გააჩნია გარკვეული პრეტენზიები სერვისის ხარისხთან დაკავშირებით. მგზავრთა გარკვეული ნაწილი დგას ფეხზე და უქმნის დისკომფორტს იმ ადამიანებს, რომლებიც სხედან. ცალკეული უბნები იქნა წარმოდგენილი გამგებლების მიერ, სადაც მიკროვატობუსების ხელმისაწვდომობა არასაკმარისია. არის უბნები, სადაც საერთოდ არ მიდის მიკროავსტობუსები. შევთანხმდით, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნება და მგზავრები ფეხზე აღარ იდგებიან. ამასთან დაკავშირებით თავის წინადადებებს შპს "თბილისის მიკროავტობუსი" წარმოადგენს. მომდევნო წლის გაზაფხულიდან ჩაირთვება კონდიცირების სისტემა, რათა ეს პრობლემა მოიხსნას მგზავრებისთვის. ბოლო გაჩერებებზე მოხდება სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება და სველი წერტილების განთავსება", - განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება მგზავრობის ფასის გადახედვის საკითხს, ნარმანიას განმარტებით, ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა თუ რამდენად შესაძლებელია ტარიფების ცვლა.
"კომპანიამ წარმოადგინა ნაერთი ფინანსური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც ის ჯერჯერობით მოგებაზე ვერ გადის და ამიტომ ტარიფებს ვერ ამცირებენ. ჩვენ უნდა ვნახოთ ეს ფინანსური დოკუმენტაცია. მას შემდეგ რაც დეტალურად შევისწავლით ფინანსურ დოკუმენტაციას, მოგვეცემა იმის თქმის საშუალება, რამდენად შესაძლებელია ტარიფების შეცვლა", - აღნიშნა ნარმანიამ.