უშვილობის პრობლემა მსოფლიოს მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. რა იწვევს უშვილობას და რით შეიძლება ვუმკურნალოთ მას. უფრო დაწვრილებით ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი ბარბარე (დოდო) გორგოშიძე გვესაუბრება.
- როგორია დღეს უშვილობის სტატისტიკა ჩვენს ქვეყანაში?
- უნაყოფობა გვხვდება ყველა ქორწინების 10-20%-ში და წარმოადგენს მნიშვნელოვან სამედიცინო და სოციალური პრობლემას, რადგან გავლენას ახდენს შობადობის მაჩვენებლებზე. მიზეზი 40%-ში მამკაცის და 60%-ში ქალის ფაქტორები შეიძლება იყოს. თუმცა არაიშვიათია ამ ფაქტორების თანხვედრა (15-20%).
- რა შეიძლება იყოს უშვილობის გამომწვევი მიზეზი?
- უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს სასქესო ორგანოების სხვადასხვა ინფექციით გამოწვეული ანთებითი დაავადებები, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებები, სქესობრივი ორგანოების განუვითარებლობა (ინფანტილიზმი, ჰიპოპლაზია), სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა, ენდომეტრიოზი, სასქესო ორგანოების სიმსივნეები, ექსტრაგენიტალური დაავადებები (რევმატიზმი, ტუბერკულოზი და სხვა). არასრულფასოვანი კვება როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად, და შედეგად მეტაბოლური დარღვევები (წონის სიჭარბე ან დეფიციტი). ასევე იმუნური ფაქტორები.
- თქვენი აზრით, როდის უნდა მიაკითხოს წყვილმა ექიმ რეპროდუქტოლოგს?
- იდეალური ვარიანტია, წყვილმა დაქორწინებამდე მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს გამოკვლევები. თუ დადგინდა რაიმე ინფექციური ან ენდოკრინული ფაქტორი, დაქორწინებამდე ჩატარდეს მკურნალობა.