2015 წლის 1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტრო გეგმავს ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარებას და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება თუ სადმე აღმოჩნდება ფალსიფიკაცია.
"ეს ემსახურება დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას, პოპულარიზაციას. სოფლის მეურნეობაში ეს დარგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალურად განვითარებული დარგი და სუბსიდირების ნაწილში მომავალ წელს ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავხედავათ. იმედი გვაქვს, რომ აღარ დასჭირდება ამ დარგს სუბსიდირება, იმიტომ რომ საკმაოდ სტაბილურად განვითარდა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, ბევრი მეღვინე ჭაჭის კონტროლს ისტორიულ გარღვევად აფასებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჭაჭის კონტროლი იმის საშუალებას მოგვცემს რომ ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, ყველა ღვინო იყოს ნამდვილი და არა ფალსიფიცირებული.