ქობულეთში, მართლმადიდებლების ნაწილმა ღორი დაკლა და დაკლული პირუტყვის თავი მშენებარე მედრესეს (მუსულმანთა სასწავლებელი) კარებზე ჩამოკიდა. ამ ფაქტზე კომენტარი ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს ვთხოვეთ.
- ჩემი აზრით, თვითონ ქმედება, რომ ღორი დაიკლა და შემდეგ ამ დაკლული ღორის თავი ჩამოიკიდა მედრესეს კარზე, არაა ქრისტიანული. ეს სხვისი რელიგიური გრძნობების შელახვაა და ამით მართლმადიდებლობა ვერ განმტკიცდება. მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც თავის გულში ფაქიზად ეძებს ქრისტეს, მასთან მიმსგავსებას ცდილობს და წავიდეს ესეთ აქტზე, როგორიც ღორის დაკვლა და მისი თავის ჩამოკიდება იყო. ეს არაა ქრისტიანული საქციელი, ეს ნებისმიერ ქრისტიანისთვის მიუღებელი ქმედებაა, მაგრამ ესაა მედლის ერთი მხარე.
მეორე მხარე ისაა, რომ როდესაც აჭარაში მუსულმანური სასწავლებლები იხსნება (ესაა ჩემი სუბიექტური აზრი, რადგან მეტ-ნაკლებად ვიცი, რეგიონში რა ხდება), ამაში მთლად რელიგიურ აზრებს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც ისლამს მისდევს, ეს წმინდა რელიგიური ქმედებაა, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ისლამურ ექსპანსიას უფრო ჰგავს და პოლიტიკურ აქტად აღიქმება, რომელიც მომდინარეობს ჩვენი მეზობელი თურქეთიდან. როდესაც მათი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბათუმი ჩვენიაო, ამის ფონზე ეს პოლიტიკური აქტი უფრო მგონია, ვიდრე რელიგიური ქმედება.
- თურქეთში რატომ არ იხსნება ქრისტიანული სასწავლებლები?
- იმაზე ლაპარაკი, რომ შენ იქ სასწავლებელი გახსნა, წარმოუდგენელია. იქ თუ ასეთ რამეს გააკეთებ, არათუ ღორის თავს დაგიკიდებენ კართან, არამედ შეიძლება უშუალოდ შენ მოგაჭრან თავი. ფაქტობრივად, ანალოგიური სიტუაცია იქნება, ისტორიულ ჰერეთში რომ მოვინდომოთ ქრისტიანული სასწავლებლის გახსნა. ამიტომ საზოგადოების ლიბერალურ ფრთა, რომელიც ხმაურს ტეხს ჩვენს არასწორ და მართლაც არაქრისტიანულ საქციელზე (ეს მრევლის გაუნათლებლობის ბრალიც შეიძლება იყოს), თუ მართლა ადამიანის უფლებების დარღვევას განიცდიან, იმაზეც უნდა აიმაღლონ ხმა, რომ ქრისტიანებს არ ეძლევათ ლოცვის საშუალება, გნებავთ, თურქეთში და გნებავთ, ჰერეთში.
სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი ლიბერალური ფრთა მხოლოდ "ცალ კარში ურტყამს ბურთს" და მეორე მხარეს ვერ ხედავენ. ამიტომ, მათი ეს გამოხმაურება ქობულეთში მომხდარ ვანდალურ აქტზე, არა მგონია, იყოს გულწრფელი, უფრო შეკვეთილ მოქმედებას ჰგავს. როდესაც ისინი ორივე მხარის მანკიერებებს შეაფასებენ, მე მაშინ დავუჯერებ. ამ ლიბერალების "ცალ კარში შეტევა" არანაკლები ბოროტებაა, ვიდრე მათი საქციელი, ვინც ეს ღორი დაკლა.
- ის, რაც ქობულეთში მოხდა, ბრძანეთ, რომ მართმადიდებლობის შეურაცხყოფაა, თუმცა ისინი, ვინც ეს გააკეთა, სწორედ რელიგიის სახელით მოქმედებდნენ. ეს ფსევდო-მართლმადიდებლობა ხომ არ არის?
- ღორის დაკვლას არავითარი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობასთან. ეს არასწორი ქმედებაა. იცით რას გავს? როდესაც ადამიანს შეუგინებენ დედას და ეს ადამიანი საკუთარ დედას დაიცავს, ხოლო შემდეგ გამოვა და იტყვის "ჩემი დედა ასე და ისეო" და საკუთარ დედას რომ იგინება. ქრისტიანობის დაცვა ასეთი ქმედებით არ შეიძლება, რადგან ქრისტე და მოციქულები ამას არ იკადრებდნენ.
ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge