სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადების საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, ქვეყანაში აღკვეთოს ნებისმიერი დანაშაული, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, მით უფრო მაშინ, როცა საქმე გვაქვს ისეთ მძიმე დანაშაულითან, როგორიცაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა.
სესიაშვილის განცხადებით, ამ კონტექსტში შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება არის სწორი ნაბიჯი, რათა რიგი მოქალაქეები არ გახდნენ გარკვეული პოლიტიკური ამბიციების მსხვერპლნი. "რასაც გიგი უგულავა თავის წერილებში წერს, მიუხედავად იმისა, ავთენტურია ის თუ არა, ფაქტი ერთია - მისი შინაარსი ერთი ერთში ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს - პროვოკაციებს, ცრუ ინფორმაციების გავრცელებას, ქაოსის შექმნის მცდელობას. ყოველივე ეს "ნაციონალებისთვის" უცხო არ არის. საქართველოს ჰყავდა ავანტიურისტი ხელისუფლება და ახლაც, ოპოზიციაში ყოფნისას ავანტიურისტებად რჩებიან. მათი მიზანი არის რევანში, არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების, არამედ ხალხის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოავლინოს, თუ ვინ არის ის 500 კაციანი დაჯგუფება, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან დავალებული აქვთ, შექმნან აპოკალიფსური სურათი ქვეყანაში, დაძაბონ სიტუაცია და ყოველივე ეს საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენონ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალადობრივად ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ელიტის პროვოკაციული მექანიზმები დღესაც იგივე რჩება, ახლა სხვა დროა, ახლა ქვეყანას დემოკრატიული ხელისუფლება მართავს, რომელიც ორიენტირებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მართალია, ამას არ აღიარებს ზოგიერთი მედიასაშუალება, რომელიც წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს, 9 წლის განმავლობაში ყველაფერს ფერად ფერებში გვიხატავდა, ახლა კი ყველაფერს შავ-თეთრ ფერებში ხატავს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ უამრავი ინვესტიცია ჩადო ხალხზე ორიენტირებული პროექტების განხორციელდებაზე, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა სფეროებში. ამ ქვეყანაში კრიმინალი ხელისუფლების სახით არასდროს დაბრუნდება. სწორია, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანის ყველა მცხდელობა მკაცრად უნდა აღიკვეთოს", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.