საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი დღეს გაიგზავნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს, მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
"უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებით პროცედურა მთლიანად დასრულებულია. მთავრობის სხდომის შემდეგ უკვე მეცოდინება კონკრეტული საათი, როდის გაფრინდება სატრანსპორტო თვითმფრინავი", - განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, ჰუმანიტარულ ტვირთში შედის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, ვაქცინა ბავშვებისთვის, პირველადი დახმარების საგნები. ტვირთი საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა.