სოფელ თორსაში, ზუგდიდისა და ხობის საზღვარზე სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის არქეოლოგები ძველ კოლხურ ნამოსახლარს, სახელწოდებით "ტაბაკონის დიხაგუძუბას" იკვლევენ. არქეოლოგებმა ხის ნაგებობათა ნაშთებს მიაკვლიეს, რომელიც წინასწარი კვლევებით 4000-4500 წლისაა.
ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ცნობით, მოპოვებული მასალები მუდმივმფლობელობაში გადაეცემა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს, ხოლო ცალკეული არტეფაქტების ნიმუშებს გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სპეციალურ ლაბორატორიაში შეისწავლიან.