აგვისტო და საერთოდ, ზაფხულის ნახევარი სავსე იყო უამრავი ნეგატიური ამბითა და ფაქტით: მკვლელობა, კონფლიქტი, ავტოკატასტროფა, სტიქია და კიდევ ბევრი გაუთვალისწინებელი ხიფათი... ამ მცირე დროში რა აღარ მოხდა, ამ ყველაფერზე კი ასტროლოგიას ასეთი პასუხი აქვს: აგვისტოში საკმაოდ მძიმე ასტროლოგიურ კომბინაციებთან გვქონდა საქმე, ლომი-მორიელის (ორი ძალაუფლების მოყვარული ნიშანი) უკომპრომისო დაპირისპირება პლანეტა მარსისა და მზის სახით გააქტიურდა, ამასთან, სატურნმაც მორიელის ნიშანში ადამიანებში დაუოკებელი აგრესია გამოიწვია და კონფლიქტების ძალისმიერი გზებით გადაჭრის მოთხოვნილების სურვილი გააჩინა. მოკლედ, ამ ყველაფრის შედეგად არაერთი სავალალოდ დასრულებული ამბავი თუ ფაქტი მივიღეთ...
ამ თემაზე უფრო ვრცლად ასტროლოგი სოფო ბზეკალავა გვესაუბრება, რომელმაც ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში, აგვისტოში მოსალოდნელი ყველა საფრთხისა თუ ხიფათის შესახებ პროგნოზი გააკეთა.
- რას გვიქადის და გვპირდება ასტროლოგიურად სექტემბერი?
- ამ ეტაპზე, ესკალაცია შედარებით დაღმასვლის პროცესისკენაა მიმართული. რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელია ცივი გონებითა და გააზრებულად გადაიჭრას პრობლემები.
სექტემბრი შეადრებით შეამცირებს აგვისტოში წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურულ ამპლიტუდას, მაგრამ ცაზე ჯერ კიდევ ბევრი საკმაოდ რთული ასპექტია. რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბერიც კარგად იქნება დატვირთული მოვლენებისა და ემოციების სიუხვით. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ის არის, რომ გაიზრდება თვითგამოხატვის, ინდივიდუალიზმის წარმოჩენის (სხვადასხვა ფორმით) სურვილი. შესაძლოა, საკმაოდ ხმაურიანად დადგეს დღის წესრიგში სექსუალურ უმცირესობათა დაცვის ან რაიმე მსგავსი ტიპის საკითხი. გაზრდილია სპონტანური ქმედებების ალბათობა. საზოგადოებაში ძალიან მომწიფდება ცვლილებების მოთხოვნილება, თუმცა ეს ცვლილელები რომ გააზრებასა და დაფიქრებას მოითხოვს, ამაზე ნაკლებად იფიქრებს ხალხი.
ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი ნაჩქრევი გადაწყვეტილების მიღებისგან იმიტომ, რომ სექტემბრში მოთხოვნილება ცვლილებების განხორციელებისა, მარტოოდენ "ცვლილებების გამო," "რაღაც ოღონდ შეიცვალოს" პრინციპით, არამც და არამც არ მოგვიტანს კარგ შედეგებს.
- აღნიშნე, რომ აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში დაღმასვლისკენ არის ასტროლოგიური დაძაბულობაო. ეს კონკრეტულად, რით არის გამოხატული?
- კი, დაძაბულობა განსაკუთრებით სექტემბრის მეორე ნახევარიდან იკლებს. მეტი სიმშვიდე დაისადგურებს. თუმცა ნოემბრის შუა რიცხვებამდე ძალზე დამახინჯებულია სოციალურ-რელიგიური ფასეულობების სწორად აღქმის ალბათობა. გამორიცხული არ არის კონფლიქტებიც სწორედ ამ მხრივ წარმოიშვას. აუცილებელია, რომ ამ პერიოდში არ გაღრმავდეს არც ერთი კონფლიქტი, რომელიც რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგს ეფუძნება.
უკვე სექტემბრის შუა რიცხვებიდან პლანეტა მარსი მდებარეობას შეიცვლის, რაც არ არის ცუდი იმ მხრივ, რომ შედარებით დაიკლებს საზოგადოებაში სისასტიკისა და დიქტატისკენ მიდრეკილება. გამარტივდება კონფლიქტური სიტუაციების დიალოგი, მოიმატებს მეგობრული საუბრებით გადაჭრის ალბათობაც. ამ ეტაპზე და მთელი გასული თვის განმავლობაში, არაერთგზის გავხდით დაუნდობლობის ამსახველი ფაქტების მომსწრე და თვითმხილველი, რაც სწორედ პლანეტარული არასახარბიელო კომბინაციებით იყო გამოწვეული, მორიელის მძლავრი გავლენა ადამიანების ფსიქიკაზე ძალზე უარყოფითად აისახა და მრისხანების ნიადაგზე გონების დაბნელება გამოიწვია და არაერთი სასტიკი ქმედება.
- სოფო, როგორც თქვი, სექტემბრის შუა რიცხვებიდან კონფლიქტების მოგვარება შედარებით უფრო მშვიდობიანი გზით გახდება შესაძლებელიო. ამას ვითომ შეძლებენ ადამიანები?
- ადამიანებს მომატებულად გაუჩნდებათ ჰარმონიის მოთხოვნილება, გაიოლდება დიალოგის გზით პრობლემების გადაჭრის ალბათობა. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ აქტიური იქნება სხვადასხვა ტიპის სასამართლო გარჩევები (გასაჯაროებული პროცესები) - ამ მოვლენებს კი სექტემბრის ოცდასამი რიცხვიდან უნდა ველოდოთ.
შედარებით მშვიდი პერიოდი კი იქნება, მაგრამ არა ინერტული. ასტროლოგების აზრით, ზოგადად თებერვალი და სექტემბერი ყველაზე აქტიური თვეებია. ამის გარდა, სექტემბრის მეორე ნახევრიდან მზე "სასწორის" ზოდიაქოს გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ გააქტიურდება ადამიანებში ურთიერთთანამშრომლობის, დიპლომატიურობის მოთხოვნილება.
- ასტროლოგები ყოველი კრიზისული პერიოდის დროს ადამიანებს ურჩენ, როგორ მოიქცნენ. მაგრამ ამას არავინ ითვალისწინებს.
- კითხვაზე, თუ რატომ არ ითვალისწიენებენ ადამიანები ასტროლიგის რჩევას, გიპასუხებთ: ჩვენ ხშირდ მივმართავთ ექიმს დასახმარებლად, თუმცა ბევრი ჩვენგანი უგულვებელყოფს მედიცინის მუშაკების რჩევას და მაინც ძველებური ცხოვრების წესს უბრუნდება, ასევეა ასტროლგიების რჩევების მიმართ ადამიანების დამოკიდებულება. როცა ვიცით, საფრთხე საიდან, რომელი კუთხიდან მოდის, შესაბამისი მზაობით შევხვდებით მას თუ რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ასტროლოგიურ პროგნოზებს და არ უარვყოფთ მას.
ასტროლოგია ვარაუდის მეცნიერებაა და მისი ვალია, გაგაფრთხილოთ მოსალოდნელი ალბათობის შესახებ, ხოლო ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ, მთლიანად ადამიანზე, მის ურყევ ნებაზეა დამოკიდებული. ვარსკვლავები და მათი გავლენა შეიძლება მარტოოდენ დამხმარე კომპონენტად ჩაითვალოს, რეალურად საკუთარი ბედის მჭედელი თავად ნებისმიერი ჩვენთაგანია!
- ამ შემთხვევაში, სექტემბერში მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავი როგორ დავიცვათ?
- სექტემბრის თვე მთლიანობაში შედარებით უფრო მშვიდი იქნება, ვიდრე მცხუნვარე აგვისტო. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 9 სექტემბერს სავსემთვარეობა გველის, შესაბამისად, ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ემოციების უკონტროლოდ გამოხატვას, აგრესიას და კონფლიქტებს. ნაკლებად, სასურველია დიეტის დაწყება-დაცვა, ქირურგიული ოპერაციები...
სასურველია დავკავდეთ სახელოვნებო პროექტებით.
სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამ მხრივ საკმაოდ კარგი პერსპექტივები გაჩნდება. კარგი პერიოდია ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და მათთვის, ვინაც ამ ეტაპზე ცდილობს, დიდ სარბიელზე გამოჩენას. შესაძლოა, საზოგადოებამ ახალი სახეები იხილოს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სწორედ სექტემბრში და მათ მიმართ გარკვეული სიმპათიაც გაჩნდეს.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის