ქართველმა გოგონამ, 30 წლის სოფო სალუქვაძემ იტალიაში "პორშე 911" მოიგო. "მარტინის" მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალური ტური გუშინ საღამოს მილანში გაიმართა, სადაც სოფო სალუქვაძემ 15 ქვეყნის წარმომადგენელს სძლია და ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ambebi.ge გამარჯვებულის მეუღლეს, ლაშა ნარსიას დაუკავშირდა, რომელიც ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარია გმირია - მოგებულ პრიზს სოფო საყვარელ მამაკაცს ჩუქნის, რითიც მას ბავშვობის ოცნება აუსრულა:
- აღტაცებული ვარ, ემოციით დატვირთული, 25 წლის ოცნება ამიხდა, ჯერაც ვერ ვიჯერებ და ვარ უბედნიერესი. 5 წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე ეს მანქანა და მას შემდეგ "პორშე 911"-ის ყოლის მოლოდინში ვარ. საკმაოდ ძვირიანი მანქანაა, სტანდარტული მოდელი 100 000 დოლარი ღირს. დღემდე ვერ შევძელი სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ამის ყიდვა.
- რა კონკურსი იყო და რატომ გადაწყვიტეთ, რომ სოფოს უნდა მიეღო მონაწილეობა?
- 2 თვის წინ გამოცხადაა "მარტინის" გათამაშება, კონკურსანტებს უნდა შეევსოთ სპეციალური ბლანკი და მიეთითებინათ, თუ რატომ სურდათ მანქანის მოგება. სოფომ ჩაწერა, რომ ეს იყო მეუღლის ოცნება და უნდოდა, რომ მისთვის ოცნება აესრულებინა. რამდენიმე დღეში დაურეკეს და აცნობეს, რომ პირველი ტური გადალახა, საჩუქრად გადასცეს "მარტინის" სასმელი, მაისური და კეპი. სოფოს მეორე ტურისთვის ფოტო უნდა გადაეღო, რომელიც სოციალურ ქსელში "ლაიქებს" დააგროვებდა. საქართველოდან კონკურსში სულ 17 კონკურსანტი მონაწილეობდა. სოფოს ფოტო მთელი კონკურსის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ლიდერობდა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზე იყო.
ეს ტურიც გადავლახეთ და 19 აგვისტოს გავიგეთ, რომ ფინალი იტალიაში, მილანში გაიმართებოდა, სადაც უკვე მთავარი პრიზის "პორშე 911"-ის მფლობელი გამოვლინდებოდა.
- ფინალური ტურის მოთხოვნები რა იყო?
- ფინალში კონკურსანტებს კრეატიული და საინტერესო გამოსვლა უნდა ჰქონოდათ. შევაგროვეთ ყველა საბუთი, მოვამზადეთ ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენაზე და თავისთავად კიდევ ერთხელ მივუთითეთ, თუ რატომ უნდოდა მანქანის მოგება. გარდა ამისა, სოფო ძალიან კარგად მღერის, რაც კიდევ ერთი პლუსი იყო. ორი სიმღერა მოამზადა და ფინალში ექსპრომტად შეასრულა, რამაც ჟიურის წევრების მხრიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც სოფომ გაიმარჯვა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სოფოს მხარდასაჭერად ენერგიას არ იშურებდა.
სოფო სალუქვაძე ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში პიარ მენეჯერად მუშაობს. ის ჯერ ისევ მილანშია. სოფო სალუქვაძეს და ლაშა ნარსიას 2 წლისა და 4 თვის ვაჟი ჰყავთ.
ნინო ხოზრევანიძე