ნატო-ს სამიტის შემდეგ საქართველოსთვის დაიწყო მნიშვნელოვანი ეტაპი, რათა გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ჩაკ ჰეიგელმა თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების თვალსაზრისით. ჰეიგელმა თავდაცვის სფეროში საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებაზეც ისაუბრა.
"დიდი მადლობა თქვენი წვლილისთვის, ჩვენი პარტნიორობის წინაშე და მეგობრობისთვის, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს მუდამ თბილი დახვედრისთვის. როდესაც სენატში ვმუშაობდი, მქონდა შესაძლებლობა საქართველოში რამდენჯერმე ჩამოსვლის. ყოველთვის ვაფასებდი მასპინძლობას და იმ სითბოს, რომელსაც ვგრძნობდი. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო ინტერესი. განსაკუთრებით ვაფასებ თბილისში ჩამოსვლას უშუალოდ ნატო-ს სამიტის შემდეგ, სადაც მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, რათა გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა.
მისი თქმით, ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დროს მათ ისაუბრეს მჭიდრო პარტნიორობაზე აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში.
"ჩვენი ერთობლივი მიზანია, რომ უფრო მჭიდრო და მტკიცე კავშირი გავაგრძელოთ მომავალში თავდაცვის მიმართულებით. განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც რუსეთის ასეთ დაუფარავ აგრესიას აქვს ადგილი უკრაინაში", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა.
მისი თქმით, ამერიკა დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებზე ზრუნვის პროგრამის მხარადაჭერას გააგრძელებს. პროგრამა ამერიკელების მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და მის მხარდაჭერას მომავალშიც აპირებს.
"გავაგრძელებთ ამ პროგრამის მხარდაჭერას, ვინაიდან საქართველო ერთგული და სანდო პარტნიორია ამერიკისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე მოდერნიზაციას. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსადმი მხარდაჭერას, რომ მან მიაღწიოს სურვილს და გახდეს ევროატლანტიკური სივრცის, ნატო-ს წევრი", - განაცხადა ჩაკ ჰეიგელმა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება. ჰეიგელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.